20 ოქტომბერი 2019,   12:27
ვრცლად
"რუსთავი 2"-ში მიმდინარე ცვლილებები, მედიის თავისუფლება - თბილისში სამხრეთ კავკასიის მედიის 16-ე კონფერენცია ჩატარდა

20 ივნისის აქციის დროს ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა, მედიის თავისუფლება და აფგან მუხთარლის საქმე - სამხრეთ კავკასიის მედიის რიგით 16-ე კონფერენციაზე ამ საკითხებზე იმსჯელეს.

შეხვედრაში ქართველი და უცხოელი ჟურნალისტები მონაწილეობდნენ.

"ხდება განხილვა, თუ როგორი ვითარებაა მედიის თავისუფლებისა და ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით. რა ტენდენციებია არამხოლოდ რეგიონში, არამედ, ზოგადად, მსოფლიოში. ჩემი კომენტარი ეხებოდა აფგან მუხთარლის საკითხს და ასევე, უნდა იყოს თუ არა თვითრეგულირების სფეროში სიძულვილის ენა,“ -  განაცხადა ფონდ ”ლიბერალური აკადემია თბილისის” დირექტორმა ლაშა ტუღუშმა.

"რუსთავი 2"-ის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი იმნაიშვილის განმარტებით, კონფერენციაზე სამაუწყებლო კომპანიაში მომხდარ ცვლილებებზეც ისაუბრეს.

მისივე განცხადებით, არხის სარედაქციო პოლიტიკა სარედაქციო დამოუკიდებლობას ეფუძნება.

"შემაჯამებელ ნაწილში მთავარი, რასაც გაესვა ხაზი, ეს არის ქართულ მედიაში მისი პოლიტიკური პოლარიზაცია. "რუსთავი 2“-ს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, ვინაიდან მისი სარედაქციო პოლიტიკა ეფუძნება სარედაქციო დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას. ეს იქნება ძალიან რთული შესანარჩუნებელი, თუმცა  ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ნიუსრუმი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცენზურის ზეწოლისგან. ამაში საერთაშორისო პარტნიორებს, როგორიცაა ეუთო, ძალიან დიდი როლს ექნებათ,“ - აღნიშნა ირაკლი იმნაიშვილმა.

დღის ამბები