20 ოქტომბერი 2019,   12:26
ვრცლად
"თუ კიდევ ვინმემ იყიდა დიპლომი, ამას თადუმაძის შემთხვევასთან კავშირი არ აქვს" - ოთო კახიძე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს მამუკა მდინარაძემ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის დიპლომი წარმოადგინა და აღნიშნა, რომ მასაც იგივე ინსტიტუტი აქვს დამთავრებული, რაც მთავარ პროკურორს შალვა თადუმაძეს. მდინარაძის თქმით, ჯანეზაშვილის დიპლომშიც იგივე დასახელებაა მითითებული, რაც თადუმაძის შემთხვევაში ოპოზიციამ საეჭვო შემთხვევად მიიჩნია. 

საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე ოთო კახიძე და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ჯანეზაშვილის დიპლომის ნამდვილობის საკითხი თადუმაძის დიპლომთან კავშირში არ არის და არგუმენტს ვერ აბათილებს. 

"სხვების დიპლომები არაფერ შუაში არ არის, ამ საკითხზე კომენტირებას მე არ ვაპირებ. ჩვენ ვსაუბრობთ თადუმაძეზე. თუ ვინმემ სადმე კიდევ რაღაც გააყალბა და ვინმემ თუ დიპლომი იყიდა, ეს არანაირად არ უკავშირდება თადუმაძის შემთხვევას. ამიტომ,  ყურადღების გადატანის ნაცვლად, მე ვურჩევდი ყველას, რომ ფოკუსირდნენ იმ საკითხზე, რომელიც ჩვენ გვაქვს -  ჩვენ გვყავს მთავარი პროკურორი, რომლის იურიდიული განათლებაც კითხვის ნიშნის ქვეშაა,"- განაცხადა კახიძემ.

იგივე პოზიცია აქვს არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას" თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძესაც.

"არ მგონია ქალბატონი ნაზის აკადემიური მოსწრებით ყოფილიყო ბატონი მამუკა დაინტერესებული. ალბათ დაახლოებით ისეთივე ჟანრი იყო ეს, როდესაც რაიმე ცუდი მოხდება ჩვენს ქვეყანაში და რამდენიმე მედიასაშუალება სხვა ქვეყანაში მომხდარ მსგავს ამბებს რომ აშეარებს, - აგერ, ბატონო, სხვაგანაც ხდება ასეთებიო. დანარჩენ კითხვებზე პასუხს, დიპლომის რაობაზე, ალბათ, ქალბატონი ნაზი გაგცემთ, რადგან მე მართლა არ მაქვს შესაძლებლობა ვიმსჯელო მისი დიპლომის ჩანაწერებზე,"- განაცხადა მშვენიერაძემ.

დღის ამბები