20 ოქტომბერი 2019,   12:27
ვრცლად
მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი - დაცვის მხარე ვარაუდობს, რომ პროკურატურამ მოწმეებზე ზეგავლენა მოახდინა

ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით, მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესზე დღეს ბრალდების მხარის ორი მოწმე დაკითხეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. 

პროკურორის თქმით, 51-ე სკოლის მოსწავლეებმა სასამართლოს მომხდარის შესახებ ის ინფორმაცია მიაწოდეს, რომელიც მათ ინციდენტის დასრულების შემდეგ ერთ-ერთი მონაწილისგან მიიღეს, თუმცა ბრალდების მხარე კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობს.

"ერთ-ერთი მოწმე უშუალოდ ფლობდა ინფორმაციას იმ პირისგან, რომელიც მონაწილეობდა ხორავას ქუჩა 4-ის კონფლიქტში და ფლობდა ინფორმაციას მათ შორის ბრალდებულ მ.კ.-ს მონაწილეობასთან დაკავშირებით," - განაცხადა პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა. 

ბრალდების მოწმეების ჩვენებებს არ ენდობა ადვოკატი. ზურაბ თოდუას განცხადებით, მათ პირველ ეტაპზე გამოძიებისთვის ეს ინფორმაცია არ მიუწოდებიათ. დაცვის მხარე ვარაუდობს, რომ პროკურატურა დაკითხულ პირებზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს.  

"ბრალდებამ წარმოადგინა 2 არასრულწლოვანი მოწმე, რომლებმაც სასამართლოს მიაწოდეს ირიბი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ერთ-ერთი მოწმისგან მოისმინეს თუ როგორ ჩაიდო მარჯვენა ხელი კალანდიამ ჯიბეში. პროკურატურამ სათანადო ტრენინგები ჩაუტარა არასრულწლოვან მოწმეებს და ისინი მომზადებული მოიყვანა სასამართლო პროცესზე," - აღნიშნა მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.

რაც შეეხება ამერიკის ფედერალური ბიუროს მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს, ზაზა სარალიძის ადვოკატისგან განსხვავებით, კალანდიას უფლებადამცველი ამბობს, რომ სოციალური ქსელებიდან ამოღებული მიმოწერა დანაშაულის დღეს მოსწავლეებს შორის გამართულ დიალოგებსაც ასახავს, სადაც, მისი თქმით, კალანდიას მხრიდან დანაშაულისკენ მოწოდება არსად იკვეთება.

დღის ამბები