20 ოქტომბერი 2019,   13:26
ვრცლად
ბარისახოში კლდიდან ტრაქტორი გადავარდა და მძღოლს მაშველების დახმარება დასჭირდა

უბედური შემთხვევა მოხდა ბარისახოში. შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112-ში" შესული ინფორმაცის თანახმად, დუშეთის რაიონში, ბარისახოს თემში, კლდიდან ტრაქტორი გადავარდა და მძღოლს მაშველების დახმარება ესაჭიროებოდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები. რთული რელიეფის და დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვის გადაწყვეტილება მიიღო.

უწყების ცნობით, დუშეთის მიმართულებით დასახმარებლად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით გავიდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი.

მაშველებმა დაშავებული მოქალაქე თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამის სამედიცინო დახმარებას უწევენ.

სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.

დღის ამბები