20 ოქტომბერი 2019,   12:26
ვრცლად
წამებით მოკლული დავით მუმლაძის საქმეზე სასამართლო მსჯელობს

სასამართლო განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული დავით მუმლაძის საქმეზე მსჯელობს. დღეს მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს დატოვებს თუ არა წინასწარ პატიმრობაში 5 ბრალდებულს, მათ შორის მოქმედ პოლიციელებს, რომლებმაც გავრცელებული ვერსიით, ქურდული სამყაროს დავალებით, მამაკაცი გაიტაცეს და კრიმინალებს გადასცეს. 35 წლის დავით მუმლაძე ნაწამებია, მას 30 ჭრილობა დანით მიაყენეს და მტკვარში გადააგდეს. 

სხდომის დაწყებამდე ერთ-ერთმა დაკავებულმა, გიორგი გეთაშვილმა განაცხადა, რომ მისი დაკავებისას პოლიციელები მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდნენ. მოსამართლის კითხვაზე, იყო თუ არა ფიზიკური ძალადობა, გეთაძემ განაცხადა, რომ არ იყო, თუმცა აღნიშნა, რომ 2 დღის განმავლობაში უკანონოდ იყო დაკავებული. 

საქმის პროკურორმა სასამართლოზე მოვლენების განვითარების ოფიციალური ვერსია წარადგინა.

"დაადეს ხელბორკილი და იძულებით ჩასვეს თავიანთ მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში. აღნიშნულის შემდეგ, დავით მუმლაძე ჩაიყვანეს ქალაქ რუსთავში, სადაც შეთანხმებისამებრ შეპყრობილ მდგომარეობაში გადასცეს ზურაბ ჯღარკავას და გიორგი ასათიანს, რომლებმაც თავისუფლება უკანონოდ აღკვეთილი დავით მუმლაძე მერსედესის მარკის ავტომობილში იძულებით ჩასვეს და მისი ნების საწინააღმდეგოდ მიიყვანეს ქალაქ რუსთავში, მდინარე მტკვრის პირას, სადაც ჯგუფურად, მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის გამოყენებით, თავის, სახის, კისრის, მუცლის, გულ-მკერდის და ზედა კიდურების მიდამოში მიაყენეს მრავლობითი ჭრილობები, რამაც დავით მუმლაძის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნულის შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით, მათ დავით მუმლაძის გვამი გადააგდეს მდინარე მტკვარში,"- განაცხადა საქმის პროკურორმა. 

ერთ-ერთი დაკავებულის, ზურაბ ჯღარკავას ადვოკატის იოსებ ხარატიშვილის მოსაზრებით, საქმეში არსებული მასალებით პროკურორს ბრალის ოფიციალური ვერსიის დამტკიცება გაუჭირდება. 

"აღკვეთის გარეშე ვიშუამდგომლეთ, რადგან არ მიმაჩნია, რომ აქ აღმკვეთი საერთოდ უნდა იყოს გამოყენებული, მაგრამ მუხლის სიმძიმიდან გამომდინარე, ალტერნატივის სახით, მაინც მოგვიწევს გირაოს დაყენება და გირაოს დავაყენებთ დაახლოებით 10 000 ლარის ოდენობით. მხოლოდ 4 ბრალდებულის ჩვენებაა საქმეში, მეტი არაფერი აბსოლუტურად არ არის, რომელიც გაამაგრებს ამ ჩვენებებს. ჩვენებებში არის ურთიერთწინააღმდეგობები და, დღესდღეობით, ბრალდებულები ჩვენებას აღარ იძლევიან და დუმილის უფლებას იყენებენ,"- განაცხადა ზურაბ ჯღარკავას ადვოკატმა იოსებ ხარატიშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები