12 დეკემბერი 2019,   06:44
ვრცლად
შტაინმაიერი საოკუპაციო ხაზთან - სოფელ ოძისის მაცხოვრებლები რუსული ოკუპაციის საფრთხის ქვეშ

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანები კვლავ რუსული ოკუპაციის მოლოდინში არიან. სოფელ ოძისის მცხოვრებლები "კურიერთან" ახალი მავთულხლართებისა და გამყოფი ხაზის კიდევ რამდენიმე მეტრით გადმოწევის საშიშროებაზე ყვებიან. ოძისის მკვიდრი, თამარ ხიზანიშვილი მავთულხლართების საკუთარ სახლთან გაბმას ყოველდღე ელოდება. ამბობს, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ახალი ე.წ. საზღვრის გასავლებად ტერიტორია რამდენჯერმე გაზომეს და მონიშნეს. 

საოკუპაციო ძალების შიში აქვს ნათია ფარჩუკაშვილსაც, ისიც რუსულ ბაზასთან ახლოს ცხოვრობს და რუსი სამხედროებისგან მხოლოდ მდინარე ქსანი ყოფს. რუსული ოკუპაციის გამო, სოფელ ოძისის მაცხოვრებლების დიდ ნაწილს აქვს შეშისა და საძოვრების პრობლემაც.

სანამ "კურიერის" კამერასთან ოძისელები რუსულ ოკუპაციაზე და მისგან მომდინარე საფრთხეებზე საუბრობდნენ, სოფელთან მდებარე პოლიციის საგუშაგოსთან გერმანიის პრეზიდენტისთვის წითელი ლენტებით უსაფრთხო ტერიტორიას საზღვრავდნენ. სწორედ ამ ადგილიდან დაინახა ვალტერ შტაინმაიერმა ის, რასაც საქართველო ბოლო 11 წელია ამტკიცებს - რუსული ოკუპაცია.

სამხედრო ბაზა ქართულ სოფელში, მავთულხლართები და საგუშაგოები, ეს მხოლოდ ნაწილია იმ სურათისა, რაც გერმანიის პრეზიდენტს საქართველოს ოკუპირებულ ნაწილზე დახვდა. შტაინმაიერმა პირადად მოისურვა ერთი თვის განმავლობაში ჩაკეტილი ე.წ. საზღვრის ნახვა, იქ ქართული მედია არ შეიყვანეს. ვალტერ შტაინმაიერს მხოლოდ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ახლდა.

შტაინმაიერმა ოკუპაციაზე საკუთარი შთაბეჭდილებების გაზიარება მედიისთვის არ ისურვა. გერმანიის პრეზიდენტმა საოკუპაციო ხაზი უკომენტაროდ დატოვა, ​ოძისელები კი კვლავ ქართული პოლიციისა და დამკვირვებლების იმედად რჩებიან რომლებიც რუს ოკუპანტებს ყოველდღიურად აკვირდებიან.

დღის ამბები