16 ნოემბერი 2019,   01:23
ვრცლად
სახიფათო თამაში "ლურჯი ვეშაპი" - ქუთაისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ანონიმური შეტყობინებები მიიღეს

თამაში, რომელიც რეალურ ცხოვრებაში თვითმკვლელობით მთავრდება - ქუთაისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლეები ანონიმურ შეტყობინებებს იღებენ. გახმაურებული ქსელური სახიფათო თამაშის "ლურჯი ვეშაპის" ფატალური დასასრულების გამო,  სკოლაში ყველა შეშინებულია.  

”facebook user"-ის სახელით პირადი ინფორმაციის შემცველი შეტყობინება ქუთაისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეს სოციალურ ქსელში მისწერეს. წერილებიდან ირკვევა, რომ გამგზავნმა კარგად იცის ადრესატი რომელი გზით დადის სკოლაში, ვისთან მეგობრობს და გაკვეთილების შემდეგ რას აკეთებს. ამ ბუნდოვანი შინაარსის შეტყობინება სკოლის კიდევ ორმა მოსწავლემ მიიღო.

უკავშირდება თუ არა მოზარდებისთვის გაგზავნილი შეტყობინებები ინტერნეტში სახიფათო თამაშის "ლურჯი ვეშაპის" სახელით გავრცელებულ ან რაიმე სხვა ტიპის ვირტუალურ თამაშს - საფრთხის თავიდან ასაცილებლად დირექტორმა დღეს მშობლები სკოლაში დაიბარა.

გამოძიება, რომელიც ორ ვერსიაზე მუშაობს, გამოგზავნილ შეტყობინებებს ვირტუალური სივრცის სახიფათო თამაშთან აკავშირებს. საქმე მუქარის მუხლით აღიძრა.

2013 წელს რუსეთში და შემდეგ უკვე სხვა ქვეყნებში გავრცელებული თამაშის სამიზნეები არასრულწლოვნები არიან. რეალურ ცხოვრებაში გადმოტანილი თამაში ხშირ შემთხვევაში მოზარდისთვის მძიმე შედეგით სრულდება. დღემდე მსოფლიოს მასშტაბით სუიციდურ თამაშს ასობით არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

დღის ამბები