16 ნოემბერი 2019,   00:23
ვრცლად
"ახალი პურის ფული არ მაქვს და ძველს ვყიდულობ"- პროდუქტების გაძვირების გამო მოქალაქეების ცხოვრება ყოველდღიურად რთულდება

პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასებმა საგრძნობლად მოიმატა. საქსტატის ინფორმაციით, სექტემბერში ინფლაციამ გეგმიურ მაჩვენებელს თითქმის ორჯერ გადააჭარბა. პური, ხორცი და რძე, - ეს იმ პროდუქტების მცირე ჩამონათვალია, რომელთა ფასიც წინა თვესთან შედარებით ათ პროცენტზე მეტით გაძვირდა. მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ გარკვეული პროდუქტების ყიდვა მათთვის თითქმის შეუძლებელი გახდა.

"ახალი პურის ფული არ მაქვს და ძველს ვყიდულობ," - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

პროდუქტების გაძვირების გამო მოქალაქეების დიდი ნაწილისთვის ცხოვრება ყოველდღიურად რთულდება. საქსტატის ბოლო მონაცემებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტზე ფასების ზრდამ მაჩვენებლის თითქმის უმაღლეს ნიშნულს მიაღწია.

მყიდველების მსგავსად, ფასების მატებას განიცდიან მცირე მოვაჭრეებიც. მათი თქმით, ბაზარში მყიდველიც შემცირდა, რის გამოც ხშირად პროდუქტი უფუჭდებათ.

"შარშან რაც ღირდა, ორმაგია. კრედიტები გვაქვს, იმასაც ვერ ვიხდით. ასე თუ გაგრძელდა, გავკოტრდებით,"- ამბობს მოქალაქე.

ინფლაციის კრიტიკულ მაჩვენებელს და გაძვირებულ ცხოვრებას ხელისუფლების არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ეკონომისტები.

ინფლაცია, ინვესტიციების სიმცირე და არასტაბილური ეროვნული ვალუტა, რომ ქვეყნის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს, ამას არც მმართველ გუნდში უარყოფენ. თუმცა პასუხისმგებლობას ყოფილ ხელისუფლებასაც აკისრებენ.

 

ავტორი: შოთა ფალავანდიშვილი

დღის ამბები