16 ნოემბერი 2019,   01:07
ვრცლად
დაკითხვების სერია გრძელდება - პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრები პროკურატურამ განმეორებით გამოკითხა

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დამატებით კითხვებზე პასუხის გასაცემად მთავარ პროკურატურაში უკვე მეორედ დაიბარეს. სკანდალური შეწყალების საქმეზე დიმიტრი გაბუნიას განმეორებით გამოკითხვის შესახებ  საგამოძიებო ორგანოს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

მთავარი პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ მან ტერიტორია ისე დატოვა, რომ ჟურნალისტების არც ერთ კითხვას არ  უპასუხა. გამომძიებლების კითხვებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი 3 საათის განმავლობაში პასუხობდა.

დიმიტრი გაბუნია ერთადერთი არ იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, ვინც დღეს გამოკითხვაზე მეორედ დაიბარეს, გაბუნიას მისვლამდე გამომძიებლები სკანდალურ საქმეზე მოწმის სახით ანგი ხუციშვილს კითხავდნენ. შეწყალების დეპარტამენტის კურატორმა ჟურნალისტების კითხვებს ტრადიციულად თავი აარიდა, თუმცა, სავარაუდოდ, მეტი ინფორმაცია მიაწოდა პროკურატურას, რადგან არ არის გამორიცხული, სწორედ მისი გამოკითხვის შემდეგ განმეორებით დაებარებინათ გაბუნია პროკურატურაში. 

მთავარ პროკურატურაში იკითხებოდნენ დღეს შეწყალებულების ოჯახის წევრებიც. დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძის დედა საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად მივიდა.

საპირისპირო არგუმენტები აქვთ მოკლული დავით ოთხმეზურის ოჯახის წევრებს. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებულის გათავისუფლებაზე პასუხისმგებლობას ისინი პრეზიდენტს აკისრებენ.

არ არის გამორიცხული, შეწყალების საქმეზე უახლოეს დღეებში პრეზიდენტის ადმისტრაციის სხვა თანამშრომლებიც დაიბარონ.


დღის ამბები