16 ნოემბერი 2019,   00:24
ვრცლად
ციხის დირექტორი პოსტიდან გაათავისუფლეს - პატიმრის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა რჩება

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარი თვითმკვლელობის გამო ქუთაისის ციხის დირექტორი პოსტიდან გაათავისუფლეს. საკუთარი ძმის მკვლელობისთვის ბრალდებულმა თავი ქუთაისის საპყრობილეში 2 დღის წინ ჩამოიხრჩო. ამ საქმეში ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა, მათ შორის, როგორ მოახერხა თვითმკვლელობა პატიმარმა, რომელიც მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ყოფილიყო და შეიძლებოდა თუ არა მომხდარის პრევენცია.

5 დღის წინ მოკლული 36 წლის რობერტ წურწუმია დღეს დაკრძალეს. მის მკვლელობაში ბრალდებული, მისივე ძმის, გიორგი წურწუმიას ცხედარი კი ქუთაისიდან უკვე ზუგდიდში გადაასვენეს. წურწუმიების ახლობლები ქუთაისის ციხეში თვითმკვლელობის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ საქმეში ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა და გაუგებარია, როგორ მოიკლა ახალგაზრდა მამაკაცმა თავი თუ ის საკანში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

გამოძიების დასრულების შემდეგ დადგება თუ არა პენიტენციალური დაწესებულების თანამშრომლების სისხლის სამართლის პასუხიმგებლობის საკითხი, ჯერ უცნობია, გამოძიების შუალედური შედეგები თვის ბოლოს გაირკვევა. მანამდე დღეს გახდა ცნობილი, რომ ნომერ მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარი თვითმკვლელობის გამო ციხის დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლებულია.

34 წლის გიორგი წურწუმიამ ქუთაისის ნომერ მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თვითმკვლელობით სიცოცხლე 1-ლ ოქტომბერს დაასრულა. წურწუმია 5 დღის წინ ძმის სასტიკი მკვლელობისთვის დააკავეს. პენიტენციალური სამსახურის მტკიცებით, ბრალდებული იმ საკანში მოათავსეს, რომელშიც სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული. უწყების განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის, იმყოფებოდა თუ არა პატიმარი საკანში მარტო. მამაკაცმა თავი ისე მოიკლა, რომ ვიდეო კონტროლის მიუხედავად, ეს ვერავინ შენიშნა. განცხადების მიხედვით: წურწუმიას გადასარჩენად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც ერთი საათის დაგვიანებით მივიდა.

ყოფილი სახალხო დამცველი სისტემურ პრობლემებზე საუბრობს. უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია უწყებამ პრევენციული ღონისძიებები განახორციელოს. ნანუაშვილის თქმით, ყველა დაწესებულება მედპერსონალისა და ფსიქოლოგების ნაკლებობას განიცდის. გამოძიებას კიდევ ერთი ყოფილი ომბუდსმენი უნდობლობას უცხადებს. გიორგი ტუღუშს აინტერესებს, რატომ მოხვდა წურწუმია კამერებით აღჭურვილ საკანში თუ მასზე დაკვირვებას არავინ გეგმავდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი 2018 -2019 წლებში თვითმკვლელობისა და თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტებს სწავლობს.

გიორგი წურწუმიას თვითმკვლელობის საქმის გამოძიება იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა დაიწყო. უწყება სწავლობს, ვინ არ შეასრულა სამსახურებრივად დადგენილი წესი, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ასევე, გამოძიება მიმდინარეობს 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტის შესწავლა უკვე დაიწყო სახალხო დამცველის აპარატმაც, რომელიც გასული წლის ანგარიშში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სამედიცინო პერსონალის სიმცირეზე, კვალიფიკაციის პრობლემასა და თვითმკვლელობების გაზრდილ სტატისტიკაზეც საუბრობდა.

დღის ამბები