16 ნოემბერი 2019,   00:22
ვრცლად
"ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება" - ზაალ უდუმაშვილი

ზაალ უდუმაშვილი პროკურატურაში გამოცხადდა. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი დღეს "ფორმულა კრეატივის" საინფორმაციო სამსახურის უფროსთან ერთად გამოკითხვაზე  დაიბარეს.

უდუმაშვილი ამ პროცესს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს:

"წარმოდგენა არ მაქვს, რა კითხვები შეიძლება ჰქონდეს პროკურატურას. თუმცა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ეს პროცესი მთლიანად წმინდა წყლის პოლიტიკური დევნის პროცესია, როგორც პოლიტიკოსების, ასევე მედია-მენეჯერების მიმართ. შევხედოთ დღეს რა ხდება ქვეყანაში, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში: აქტიური პოლიტიკოსების ნაწილი ციხეშია გამოკეტილი, ნაწილს დაადეს ხელზე ბორკილები და სახლში გამოკეტეს. 20 ივნისის პატრიოტი ახალგაზრდები არიან ციხეში. მედია-მენეჯერები, რომლებიც კრიტიკულ ტელევიზიას აკეთებენ, ყოველდღე დადიან გამოკითხვაზე. დამთხვევა იყო თუ როგორ მოხდა, რომ როდესაც "ფორმულა" ჩაირთო ეთერში, მისი დირექტორი იმ დღესვე დაიბარეს პროკურატურაში. ეს ყველაფერი არის იმ პროცესის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც ჰქვია პოლიტიკურ ოპონენტებზე ანგარიშსწორება და ეს პროცესი გრძელდება."

ზაალ უდუმაშვილმა მისი "რუსთავი 2-ში" მოღვაწეობის პერიოდიც გაიხსენა და განმარტა, რომ აღნიშნულ ტელევიზიაში მუშაობის პერიოდში მას ფინანსურ ნაწილთან შეხება არ ჰქონია.

"მე საინფორმაციო სამსახურში ვკურირებდი, ფინანსურ საკითხებთან საერთოდ არ მქონია შეხება. მიუხედავად ამისა, 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ნიკა გვარამიას გენერალური დირექტორობის პერიოდში არანაირი გადაცდომა არ იქნებოდა, რადგან ყველაფერს პირადად მკაცრად აკონტროლებდა. ის, რაც დღეს ხდება, არის თითიდან გამოწოვილი საქმე, რომელსაც ცდილობს პროკურატურა, რაღაც წონა შესძინოს, რადგან მიიღეს დავალება კონკრეტული პირისგან, ბიძინა ივანიშვილისგან, რომ დააკავონ ნიკა გვარამია," - განაცხადა უდუმაშვილმა.

დღის ამბები