16 ნოემბერი 2019,   01:09
ვრცლად
"ხაზარაძისგან განსხვავებით, კარგად ვაცხობ ხაჭაპურს... თუ საჭირო გახდება, ძალიან კარგად ავაშენებ პორტს" - ცქიტიშვილი

"დიახ, გაგიკვირდებათ და მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, კარგად ვაცხობ ხაჭაპურს," - ასე პასუხობს ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მამუკა ხაზარაძეს. პირველი შეფასება მედიასთან ვიცე-პრემიერმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

მინისტრი ამბობს, რომ ის საკუთარ საქმეს თავს კარგად ართმევს და ინფრასტრუქტურაში კარგად ერკვევა. მაია ცქიტიშვილმა მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელს ანაკლიის პორტის პროექტის შესახებაც შეახსენა და განაცხადა, რომ ხაზარაძემ უნდა ახსნას, რატომ არის პროექტი უკვე 2 წელზე მეტია გაჩერებული.   

"დიახ, გაგიკვირდებათ და მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, კარგად ვაცხობ ხაჭაპურს. კარგად ვაკეთებ საერთოდ ჩემს საქმეს, კარგად ვაშენებ გზებს და თუ საჭირო გახდება, ძალიან კარგად ავაშენებ პორტს. და რაც შეეხება ზოგადად ამ თემას, მე მინდა მოვუწოდო ყველა გოგონას და ახალგაზრდა ქალბატონს, რომ არ შეუშინდეს ასეთი ტიპის განცხადებებს, ასეთ დამოკიდებულებას, ისწავლონ, გააკეთონ ის საქმე, რომელიც მათ უყვართ, მიხედონ თავის ოჯახს და მიხედონ თავის ქვეყანას. დღეს ქვეყანაში არის გაჩერებული ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, არის ანაკლიის პორტი და ეს პროექტი უკვე თითქმის წელიწადია გაჩერებულია და მე მგონი უნდა ახსნას მამუკა ხაზარაძემ, თუ რატომ არის დაგვიანებული უკვე 2 წელიწადზე მეტით ის პროექტი, რომელიც ყველასთვის ასეთი დიდი მნიშვნელობის მატარებელია," - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მამუკა ხაზარაძემ ინფრასტრუქტურის სამინისტრო გააკრიტიკა. მისი თქმით, ქვედა რგოლში ტენდერები გაუმჭვირვალედ ტარდება. მართალია, მას მაია ცქიტიშვილი კორუფციაში პირდაპირ არ დაუდანაშაულებია, მაგრამ აღნიშნა, რომ მაია ცქიტიშვილი ვერ ერკვევა,  რა არის ზოგადად ინფრასტრუქტურა.  

დღის ამბები