16 ნოემბერი 2019,   00:25
ვრცლად
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მეხუთე სტუმრობა საქართველოში - გიორგი გახარიას და როუზ გოთმიულერის პრესკონფერენცია

ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოს მეხუთედ ესტუმრა.

ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ჯარი ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ეს იყო მთავარი გზავნილები, რომლებიც ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ საქართველოდან გააჟღერა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და გენერალური მდივნის მოადგილემ როუზ გოთმიულერმა საბჭოს სხდომის შემდეგ საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს.

როუზ გოთმიულერმა ისაუბრა არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესზე, ასევე რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე.

"რუსეთი რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციას მხარს არ დაუჭერს არავის უკვირს, თუმცა მათი პოზიცია ნატოს პოზიციასთან თანხვედრაში არ მოდის. ბუქარესტის სამიტის მთავარი გზავნილი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ძალაშია, საქართველოს აქვს უფლება თავისი გზა აირჩიოს,"- განაცხადა როუზ გოთმიულერმა და ხაზი გაუსვა ალიანსის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას და რუსეთს საქართველოს ტერიტორიიდან სამხედრო ძალების გაყვანისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, ნატო შეშფოთებულია  რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერებით შავი ზღვის რეგიონში და ამიტომ ნატოც აძლიერებს თანამშრომლობას ნატოსა და საქართველოს საზღვაო ძალებს შორის.

გიორგი გახარიას თქმით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში მეხუთე სტუმრობა პირდაპირ მიუთითებს ნატოს მიერ საქართველოს მხარდაჭერაზე. გახარიამ ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს ნატოში წევრობას დღეს მხარს უჭერს მოქალაქეების 71%-ზე  მეტი, რაც დიდ სიმტკიცეს მატებს ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებას.

"საქართველოს გაწევრიანება, ინტეგრირება ნატოში არის მიმართული რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოებისკენ და არა ვინმესთვის საფრთხის შექმნისკენ,"- აღნიშნა გახარიამ.

საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სტუმრობას უსაფრთხოების სფეროს ექსპერტებიც გამოეხმაურნენ.

თეონა აქუბარდიას თქმით,  ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა არის რუსული ოკუპაცია და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები, ასევე უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა ქვეყნის შიგნით და თავდაცვის რეფორმები. სწორედ ამიტომ, აქუბარდიას შეფასებით, მნიშვნელოვანია რომ ეს საკითხები განიხილება საქართველოს პარტნიორი ნატოს ელჩებთან.

საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის დირექტორ ლევან დოლიძის თქმით, სწორი აქცენტები უნდა გაკეთდეს იმ გამოწვევებზე, რომლებიც ქვეყანას აქვს და ექნება მომავალში. დოლიძის თქმით, მარტივი ანალიზითაც ცხადია, რომ უახლოეს პერიოდში საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით საქართველოს საზოგადოების ერთობა რუსეთის მთავარი სამიზნე გახდება.

დღის ამბები