23 ოქტომბერი 2019,   11:29
ვრცლად
არის კრიტიკული საკითხები, რომლებიც უნდა დაკორექტირდეს - ბიზნესომბუდსმენი შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ 

რიგი ცვლილებები გაართულებს ბიზნესის წარმოების პროცესს და ურთიერთობებს დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის -  ამის შესახებ განცხადება ბიზნესომბუდსმენმა გააკეთა. ლექვინაძე შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს ეხმაურება და ამბობს, რომ ცვლილებებით ბიზნესის და დასაქმებულის ურთიერთობებში უხეშად ხდება ჩარევა. ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ არის საკითხები, რომლებიც უნდა დაკორექტირდეს.  

ბიზნესომბუდსმენის განცხადებით, ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში, კერძო სექტორს ახალი ვალდებულებები ეკისრება და მძიმდება ბიზნესის მდგომარეობა. ამავდროულად, მისი თქმით, იზღუდება თავად დასაქმებულიც.  

„ვფიქრობთ, რიგი ცვლილებები გაართულებს ბიზნესის წარმოების პროცესს და ურთიერთობებს დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის. კანონის პროექტში ჩადებულია  საკანონმდებლო ნორმები ისეთ შრომით საკითხებზე, რომლებიც უშუალოდ დამსაქმებლისა და დასაქმებულის შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს. ამ საკითხებში საკანონმდებლო ვალდებულებების ჩადება, შეზღუდვების დაწესება არალეგალური შრომის ბაზრის გააქტიურების მოტივატორი იქნება. არის კრიტიკული საკითხები, რომლებიც უნდა დაკორექტირდეს. ამ ცვლილებების ამოქმედების შემთვევაში, ერთი მხრივ, კერძო სექტორს ახალი ვალდებულებები ეკისრება და მძიმდება ბიზნესის მდგომარეობა. მეორე მხრივ, იზღუდება დასაქმებული – თვითონ გადაწყვიტოს, როგორ შეათანხმოს თავის დამსაქმებელთან სამუშაო პროცესი თუ პირობები, რომელიც მისთვის შეიძლება, იყოს მისაღები ან არ იყოს მისაღები,”- აცხადებს ბიზნესომბუდსმენი. 

საქართველოს შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს სამუშაო საათების შემცირებასა და ზეგანაკვეთური სამუშაო საათების შეზღუდვა/აკრძალვას, შეთავსებით მუშაობის აკრძალვას, სტაჟირების შეზღუდვას, მინიმალური ხელფასის სავალდებულოდ შემოღებას და შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოებას. 
დღის ამბები