23 ოქტომბერი 2019,   11:21
ვრცლად
შეწყალების საქმე - ოპოზიცია გამოსავალს პრეზიდენტის გადადგომაში ხედავს   

პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალების საკითხს ხელისუფლების ოპონენტები ეხმაურებიან. ოპოზიციის წევრები ამ გადაწყვეტილების გამო სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებენ და საქმის გამოძიების აუცილებლობას ხედავენ. 

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხის დადგომასაც არ გამორიცხავს.

„ვერ წარმომიდგენია მოტივიაცია, რატომ შეიძლება ეს გააკეთო თუ არ არის იქ რაღაც კორუფციის, ნეპოტიზმის, ვიღაცის ინტერესი. ამიტომ, ცხადია, საზოგადოების რეაქციიდან გამომდინარე, ზოგადად იქიდან გამომდინარე, რაც მოხდა, აუცილებელია გამოძიებული იყოს, ვინმეს კონკრეტული ინტერესი ხომ არ არის და მაშინ, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება“, - აცხადებს ელენე ხოშტარია.

გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს პარლამენტის წევრი, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი.

„ჩაატარონ იურიდიული და ადამიანის უფლებების კომიტეტის სხდომა და პოლიტიკური მნიშვნელობა მისცენ ამ პროცესს და გავერკვიოთ, როგორ ხდებოდა ეს გაუგებარი დოკუმენტები ხელმოსაწერად პრეზიდენტის მაგიდაზე და როგორ აწერდა პრეზიდენტი ამას ხელს“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი შესაცვლელია.

„მორატორიუმი ნიშნავს, რომ ის უარს ამბობს იმ უფლებებზე, რაც მიანიჭა ხალხმა და მიანიჭა კონსტიტუციამ... წესები მშვენიერია, წესები კი არ არის შესაცვლელი, პრეზიდენტია შესაცვლელი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ოპოზიციის მოთხოვნას, პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ არ იზიარებს „პატრიოტთა ალიანსი“. ირმა ინაშვილი ამბობს, რომ მსგავსი შინაარსის განცხადებები წინა ხელისუფლების წევრების დამახასიათებელია.

„იმპიჩმენტი, გადატრიალებები, რევოლუციები და სხვადასხვა ტიპის აქტივობები, - ეს არის სააკაშვილ-ბოკერიების ნარატივი, ამიტომ აქ ვერ შემოგიერთდებით და საერთოდ არ მაქვს სურვილი, ამაზე გავაკეთო კომენტარი“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა. 

დღის ამბები