23 ოქტომბერი 2019,   11:21
ვრცლად
20 ივნისის საქმეზე დაკავებულები, საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული 4 მოქალაქიდან სამი პატიმრობაში დარჩა. მოსამართლემ, მხოლოდ ბეჟან ლორთქიფანიძის აღმკვეთი სახის ღონისძიება დატოვა უცვლელად. 

მოსამართლე ნატო ხუჯაძის გადაწყვეტილებამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ხმაური გამოიწვია. მოსამართლის მიერ აღმკვეთი ღონისძიების ძალაში დატოვებას, დაკავებულების ახლობლების მხრიდან დარბაზში პროტესტი მოჰყვა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულებმა ბრალთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციაც დააფიქსირეს და აღნიშნეს, რომ ისინი თავს დამნაშავედ არ სცნობდნენ.

რაც შეეხება ბეჟან ლორთქიფანიძეს, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. სასამართლო სხდომაზე ლორთქიფანიძემ დაკავებული პირების გათავისუფლება მოითხოვა. მისი თქმით, როგორც თავად არ მიემალა გამოძიებას, ასევე არ მიიმალება გამოძიებას: ილია მემანიშვილი, მორის მაჩალიკაშვილი და გოგი ქურდოვანიძე.

„მოსამართლე ხუჯაძე და ყველა ის მოსამართლე, დაწყებული იაშვილით და დამთავრებული ჩახნაშვილით, ვინც 20 ივნისის დაკავებული პირები აიყვანა პატიმრობაში და დღემდე ტოვებს პატიმრობაში, ყველანი არიან არაკომპეტენტურები, არასამართლიანები და იღებენ არაკანონიერ გადაწყვეტილებებს. ისინი არ არიან მოსამართლეები, ისინი არიან მანტიაში ჩაცმული ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან გახარიას“ - განაცხადა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ. 

 

 

 

დღის ამბები