17 ნოემბერი 2019,   01:49
ვრცლად
საქართველოს უზენაეს სასამართლოში კანდიდატთა ნომინირების პროცესში სხვადასხვა ნაკლოვანება გამოვლინდა - ODIHR

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი საქართველოში, უზენაეს  სასამართლოში, კანდიდატთა ნომინირების პროცედურას აკვირდებოდა - ამის შესახებ ODIHR-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია. 

დოკუმენტში საუბარია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირებისა და დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობა და დამოუკიდებლობა კვალიფიციური კადრების დასანიშნად მნიშვნელოვანია. ანგარიშში წერია, რომ პროცესის მიმდინარეობისას გარკვეული ნაკლოვანებები გამოვლინდა. 

​ასევე, ნათქვამია, რომ  ODIHR– ის მონიტორები პარლამენტში კანდიდატთა დანიშვნის პროცესზე დაკვირვებას გააგრძელებენ და საბოლოო ანგარიშს რეკომენდაციებით, ნომინირების პროცესიდან დაახლოებით 2 თვის შემდეგ გამოაქვეყნებენ. 

„ბოლოდროინდელი საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, განუსაზღვრელი ვადით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს პროცესის  სამართლიანად, დამოუკიდებლად და გამჭვირვალედ წარმართვა, ყველაზე კვალიფიციური და კომპეტენტური კადრების დასანიშნად.“     

მონიტორინგი აფასებს საქართველოს უზენაეს  სასამართლოში კანდიდატთა ნომინირების პროცედურის შესაბამისობას საკანონმდებლო ჩარჩოსთან, საერთაშორისო სტანდარტებთან და აღიარებულ კარგ პრაქტიკასთან. აღნიშნულმა ანგარიშმა გამოავლინა ნომინირების პროცესში სხვადასხვა ნაკლოვანება.

შერჩევის პროცესის ტექნიკური მხარე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ზოგადად, კანონთან შესაბამისობაში უზრუნველყო. თუმცა საბჭოს საქმიანობა ხასიათდებოდა  მწვავე შიდა უთანხმოებით, რაც ხშირად გამოიხატებოდა მტრულ დამოკიდებულებაში და მწვავე კამათში. ყოველივე ეს ქმნიდა არაპროფესიულ გარემოს. 

ODIHR-მა დააფიქსირა გარკვეული კონსტრუქციული ცვლილებები, როგორიცაა ღია კონკურენტუნარიანი შერჩევის პროცესის დანერგა, რაც იძლევა საზოგადოებრივი ყურადღების გამახვილების საშუალებას და წარმოადგენს საქებ ნაბიჯს საქართველოში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გასაუმჯობესებლად, აგრეთვე სასამართლო ხელისუფლების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ასამაღლებლად. თუმცა, ODIHR-ის საკანონმდებლო მიმოხილვის ფარგლებში  შემუშავებული რეკომენდაციების მხოლოდ მცირე ნაწილი იქნა გათვალისწინებული და კვლავ რჩება მრავალი ხარვეზი.

კანდიდატთა საჯარო გასაუბრების პროცესი ძირითადად გამჭვირვალედ წარიმართა. თუმცა წინასწარი შეტყობინება საჯარო მოსმენასთან დაკავშირებით მოკლე ვადაში ხორციელდებოდა და გასაუბრების ადგილმდებარეობა არ იძლეობდა პროცესზე დაკვირვებისა და ანგარიშის წარმოდგენის შესაძლებლობას, საზოგადოების მაღალი ინტერესის ფონზე. 

გამჭვირვალობა, პროფესიონალიზმი და სამართლიანობა წარმოადგენს სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ქვაკუთხედს. თუმცა, ODIHR- ის მონიროტებმა დააფიქსირეს, რომ იუსტიციის საბჭომ არ დაამტკიცა  გასაუბრების ჩატარების წესი ან პროცედურა, რათა უზრუნველყოფილიყო პროცესის სამართლიანობა და წესრიგი. აღნიშნული მიდგომა წარმოშობს კანდიდატთა მიმართებით მოპყრობის არათანაბარ გარემოს და ზღუდავს პროცესის გამჭვირვალობას.    

ODIHR-ის წინა სამართლებრივი დასკვნა მიესალმება ღია დანიშვნის წესის პროცედურის შემოღებას და პარლამენტის ძალისხმევას, გაწეროს შერჩევის კრიტერიუმებისა და პროცედურების დებულება არსებული უფსკრულის აღმოსაფხვრელად. თუმცა, აგრეთვე დაფიქსირდა რამდენიმე არსებითი ხარვეზი, მათ შორის შერჩევის პროცესში გამჭვირვალობის გარანტიების ნაკლებობა, რათა უზრუნველყოფილი იქნას შერჩევის პროცესის მიმდინარეობისას  გადაწყვეტილებების უტყუარობა და ობიექტურობა.  

აღნიშნული საქმიანობა განხორციელდა საქართველოს სახალხო დამცველის თხოვნის საფუძველზე. ODIHR– ის გუნდი მუშაობას შეუდგა 2019 წლის 29 ივნისს. სამუშაო მოიცავდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შემოკლებულ სიაში შეყვანილი, 49 კანდიდატის გასაუბრების მონიტორინგსა და საქმიანობასთან დაკავშირებულ შეხვედრებს.  ODIHR– ის მონიტორები გააგრძელებენ პარლამენტში კანდიდატთა დანიშვნის პროცესზე დაკვირვებას და გამოაქვეყნებენ საბოლოო ანგარიშს რეკომენდაციებით,  ნომინირების პროცესიდან დაახლოებით 2 თვის შემდეგ", - წერია დოკუმენტში. 

დღის ამბები