22 სექტემბერი 2019,   08:14
ვრცლად
ბიუჯეტს ეროვნული ბანკის ახალი შენობა 50 მილიონი დაუჯდება - ოპოზიცია მთავარი საფინანსო ინსტიტუტის არაადეკვატურობაზე საუბრობს 

ლარის რეკორდული გაუფასურების პარალელურად ეროვნული ბანკი სათაო ოფისს იშენებს. ახალი ოფისის მშენებლობა მთავარ საფინანსო უწყებას 50 მილიონი უჯდება. "A" კლასის შენობის ჯამური ფართობი 17 ათასი კვ,მ იქნება.

ეროვნული ბანკი იუსტიციის სახლის შენობაშია განთავსებული, ახალი ოფისი კი ცირკსა და ყოფილ რესტორან არაგვს შორის არსებულ ტერიტორიაზე აშენდება. სათავო ოფისის პროექტირებასა და სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვაზე ბაზრის კვლევა ბანკმა უკვე გამოაცხადა.

ოპოზიციის წარმომადგენლები საყოველთაო გაჭირვების ფონზე მთავარი საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან ასეთ ნაბიჯს არამიზანშეწონილად თვლიან. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ფიქრობს, იმ დროს, როდესაც ხალხს უჭირს, მსგავსი ფუფუნების მოწყობა ყველაფერთან ერთად მორალურადაც გაუმართლებელია.

„მაშინ როდესაც ხელისუფლების, მთავრობის, ეროვნული ბანკის ავტორიტეტი ნულამდეა დასული, როდესაც ხალხს უჭირს, ხალხს შია, მსგავსი ბიუროკრატული და ფუფუნების ოფისების მოწყობა არა მარტო ეკონომიკურად არ არის მიზანშეწონილი, არამედ მორალურადაც. სახელმწიფო ფულის ათვისების მოსწრებაზე არიან. ოღონდ რაღაცეები გააკეთონ და როგორც ჩანს, რაღაც ინტერესებიც ჩანს ზოგადად, როდესაც აი, ასეთი აზარტული ჟინით ხდება მშენებლობები,“- განაცხადა გოცირიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ელენე ხოშტარია ფიქრობს, რომ მთავრობა რეალობას არის მოწყვეტილი.

„ იმ პოლიტიკურ კონტექსტში, იმ ეკონომიკურ ვითარებაში, რაშიც ვართ, გაჭირვებიდან დაწყებული, ლარის კურსით და ზოგადად, სიმწვავე რაც ხდება ქვეყანაში, რა დროს ამდენი ფულის ხარჯვაა. რეალობისგან მოწყვეტაა არის, სრულიად განსხვავებულად შეიძლება თუ ოფისის პრობლემაა ეს მოაგვარონ. როგორც არ უნდა იყოს, ეგეთ სიტუაციაში სახელმწიფო როდესაც ექცევა ეს არის უკვე რაღაცნაირად მომპალი ძირის მთავრობა, რომელიც ვერ გრძნობს ზოგადად კონტექსტს და საზოგადოებრივ განწყობებს,“- განაცხადა ხოშტარიამ.

ეროვნული ბანკის მხრიდან ახალი ოფისის მშენებლობის აუცილებლობას ვერ ხედავს ვერც მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, ლევან კობერიძე. კობერიძე ამბობს, რომ ამ შეკითხვით ის ეროვნულ ბანკს აუცილებლად მიმართავს.

„ ვიცი, რომ ახალი ოფისი აქვთ და რამდენიმე წლის წინ გადავიდნენ თუ არ ვცდები და ახლა რა საჭიროება უდგათ, სიმართლე გითხრათ, ეს ნამდვილად არ ვიცი. ახლა რაც შეეხება თვითონ ხარჯვით ნაწილს, 50 მილიონი ნამდვილად არის ასეთ სიტუაციაში ის შთამბეჭდავი ციფრი, რომელსაც ძალიან მკაფიო განმარტება უდნა მოაყოლონ, თუ რა ხდება, რატომ არის საჭირო ეს ახალი ოფისი. მე პირადად მაგალითად, გავაგზავნი სადეპუტატო შეკითხვას, რომელზეც უდნა მიპასუხოს ეროვნულმა ბანკმა,. ვკითხავ, თუ რატომ დადგა ეს საჭიროება,“-განაცხადა კობერიძემ.

დღის ამბები