22 აგვისტო 2019,   00:05
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრების 3 თვიან ვადას ტოვებს - ოფიციალური დოკუმენტი სტრასბურგიდან

"რუსთავი 2-ის" საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დიდ პალატაში გასაჩივრდება. სასამართლოდან მიღებული ოფიციალური დოკუმენტი ადასტურებს, რომ არსებობს სამ თვიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც მხარეებს შეუძლიათ, მიმართონ ზემდგომ ორგანოს. ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეების ეს განმარტება კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს ხელისუფლების მოქმედებასთან დაკავშირებით - რატომ იჩქარა „ქართულმა ოცნებამ“ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება და წილების გადაფორმება.

კითხვის ნიშნები სტრასბურგის გადაწყვეტილების აღსრულებაზე მას შემდეგ გამრავლდა, რაც მხარეებმა ევროპის სასამართლოდან გადაწყვეტილების წერილობითი ვერსია და სასამართლოს წერილი მიიღეს. ამ დოკუმენტის მიხედვით, 18 ივლისის გადაწყვეტილება ძალაში სამი თვის შემდეგ შევა იმ შემთხვევაში თუ 18 ოქტომბრის ჩათვლით მას მხარეები დიდ პალატაში არ გაასაჩივრებენ.

ეს წერილი "რუსთავი 2-ის" იურისტებისთვის კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილების აღსრულება ნაჩქარევად მოხდა. მათ დღეს ის წერილიც გაასაჯაროვეს, რომლითაც იუსტიციის მინისტრს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე 17 ივლისს მიმართეს და ნაჩქარევი მოქმედებისგან თავის შეკავება სთხოვეს. თეა წულუკიანისთვის გაგზავნილ წერილში იურისტები მიუთითებდნენ, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილების გაანალიზებამდე არ დაეშვა "რუსთავი 2-ის" რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანა, რადგან ეს კონვენციის დარღვევა და მისი პირადი პასუხისმგებლობა იქნებოდა.

იუსტიციის მინისტრ წულუკიანს განმარტება დღეს არ გაუკეთებია. სამინისტრომ ბრალდებებზე საპასუხოდ მხოლოდ სტრასბურგიდან მიღებული წერილი გაასაჯაროვა.

იუსტიციის სამინისტროს ნაცვლად ბრალდებებზე საპასუხო განმარტება დღეს ქიბარ ხალვაშის იურისტმა გააკეთა. ახლა უკვე "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი, პაატა სალია ამტკიცებს, რომ რეესტრში ცვლილებებთან დაკავშირებით მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებისას კანონი არ დარღვეულა.

დღის ამბები