18 ნოემბერი 2019,   14:14
ვრცლად
პირადი ცხოვრების კადრების გავრცელება - ბრალდებულის დედის თქმით, ივანიშვილს მისი ოჯახის წინააღმდეგ ინტერესი აქვს

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების საქმე გამოძიებიდან 7 თვის შემდეგ, გახსნილად გამოცხადდა. „კურიერის“ გუშინდელმა რეპორტაჟმა შინაგან საქმეთა სამინიტროს ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების ამბავი გაახსენა.

შვიდი თვის წინ თაროზე შემოდებული საქმე გახსნილად დღეს გამოაცხადეს და თქვეს, რომ „ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატის კადრები პირველად ერევნის ციხიდან გავრცელდა.

პატიმარ დიმიტრი ანდრეევზე, რომელიც დღეს პასუხისგებაში ბესელიას საქმეზე მისცეს, „შაბათის კურიერს“ რეპორტაჟი შვიდი თვის წინ ჰქონდა მომზადებული. ჩვენს ჟურნალისტურ გამოძიებას ხელისუფლება მაშინ ნულოვანი რეაგირებით შეხვდა, თუმცა მხოლოდ შვიდი თვის შემდეგ გაიხსენა.

საქმის მთავარ ფიგურანტ ეკა ბესელიას გამოძიების არ სჯერა. დეპუტატი ამბობს, რომ თუ დიმიტრი ანდრეევი კადრების გავრცელების პირველი წყარო ნამდვილადაა, რატომ უარყოფდა ამას გამოძიება 7 თვის წინ, როცა "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი რეპორტაჟზე მუშაობდა. „ქართული ოცნებიდან“ წასული ბესელია ირწმუნება, რომ რამდენიმე დღის წინ გამომძიებლებთან ისაუბრა და უთხრეს, რომ კადრების გავრცელების წყაროს ჯერ ვერ მიაგნეს.

უკვე რამდენიმე თვეა, რაც პატიმარი ანდრეევი განსაკუთრებული მეთვალყურების ქვეშ ჰყავთ და მას ოჯახის წევრებთან კომუნიკაციაც აეკრძალა. ანდრეევის დედას, რიტა ანდრეევას უჭირს იმის მტკიცება, მართლაც გაავრცელა თუ არა საკუთარმა შვილმა ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, მაგრამ დარწმუნებულია, რომ მისი ოჯახის წინააღმდეგ განსაკუთრებული ინტერესი ბიძინა ივანიშვილს აქვს.

რიტა ანდრეევა ყვება, რომ პოლიტიკური სიმპათიების გამო კადრების გავრცელებაში დადანაშაულებულ მამაკაცს ივანიშვილის ძმიშვილი ავიწროვებდა და იძულებული იყო, ქვეყნიდან გაქცეულიყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ ერევნის ციხის პატიმარს ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები რუსეთიდან მოქალაქე მზია დოლბაძემ გაუგზავნა, რომელმაც ეს ვიდეომასალა სხვა პირისგან მიიღო. დოლბაძე არ დაუკავებიათ, ის რუსეთის ფედერაციაში იმყოფება.

პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებაში ივანიშვილების კავშირზე თავად ანდრეევიც, ბუბა ლომთათიძის სახელით ფეისბუქზე წერდა და ამბობდა, რომ გასაჯაროვების მიზეზი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილმა იცის. ამ აღიარებითი ჩვენების მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრო საკითხს მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა.

დღის ამბები