21 აგვისტო 2019,   23:53
ვრცლად
ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ დოლაბაურის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო

თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მუშა, არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი იყო. მოზარდმა ობიექტზე მუშაობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ის ლიფტის შახტში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე შრომის ინსპექცია აწარმოებს მოკვლევას და დეტალები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. წინასწარი მონაცემებით კი, სამშენებლო ობიექტზე დარღვეული იყო უსაფრთხოების ნორმები.

„დღეს მოხდა უბედური შემთხვევა, რომელმაც გამოიწვია დასაქმებულის გარდაცვალება. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის მიერ ეს ობიექტი არ იყო შესწავლილი მანამდე. დღეის მდგომარეობით, ამ წუთებში ხორციელდება ინსპექტირება, ასევე უბედური შემთხვევის მოკვლევა და პირველადი მონაცემებით, რაც ამ ეტაპზე მაქვს, ნამდვილად დარღვეული იყო უსაფრთხოების ნორმები. კერძოდ მიმდინარეობდა ლიფტის დემონტაჟი, რა დროსაც გაწყდა ბაგირი და კონკრეტულ დეტალებს ინსპექტირების ჯგუფი ახლა იკვლევს და უახლოეს მომავალში გახდება პერიოდში“,  - განაცხადა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ.

შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი პარლამენტმა 2019 წლის თებერვალში მიიღო. კანონი არეგულირებს სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს, განსაზღვრავს არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს და  უბედური შემთხვევების პრევენციას ახდენს.

„შრომის უსაფრთხოებს კანონი ახალი მიღებულია, ამიტომ ჯამში საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით, 460 ობიექტზე განხორციელდა ინსპექტირება, მათ შორის კონკრეტულად თბილისში 70-მდე კომპანიაში მშენებლობაზე მოხდა ინსპექტირება და უმეტეს მათგანში 60-მდე კრიტიკული შეუსაბამობის აღმოჩენის გამო მოხდა სამუშაო პროცესის შეჩერება“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

მომხდარის შესახებ სამშენებლო ობიექტის წარმომადგენლები პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებიან. ჯანდაცვის სამინიტრომ დოლაბაურის ქუჩაზე სამშენებლო პროცესი შეაჩერა.

არასამთავრობო სექტორის განცხადებით, ადამიანების დაღუპვა სამუშაო ადგილებზე ჩვენი საზოგადოების რუტინად იქცა, გამოსავალი კი შრომის უსაფრთხოების სტანდარტების რეალური დაცვაა.

დღის ამბები