22 აგვისტო 2019,   00:09
ვრცლად
"ეს უფრო პოლიტიკური ანეკდოტების სიას განეკუთვნება, ვიდრე სერიოზულ საკითხს" - პრემიერი IRI-ის კვლევაზე

IRI-ის კვლევების შედეგებს პრემიერმინისტრი არასერიოზულად აფასებს. მამუკა ბახტაძის განცხადებით, სავარაუდოა, რომ გამოკითხვა, ვინც აწარმოა, არ დაიცვა შესაბამისი კრიტერიუმები. საუბარია გამოკითხვაზე, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციას ჯამში უფრო მეტი ადამიანი უჭერს მხარს, ვიდრე "ქართულ ოცნებას".

„რაც შეეხება ამ კვლევას რომელიც როგორც მე ვიცი ოფიციალურიც კი არ არის, იქ სხვა ტიპის ინფორმაციაც იყო, პოლიტიკოსების შესახებ. მე გამიჭირდება ამას სერიოზულად ვუპასუხო. ის ისეთი ტიპის ინფორმაციაა რომელიც უფრო ალბათ პოლიტიკური ანეკდოტების სიას განეკუთვნება,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კითხვაზე, იმ პირობებში, როდესაც ამავე კვლევების მიხედვით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების რიცხვი შემცირებულია, მოსალოდნელია თუ არა მმართველი პარტია რომელიმე სხვა პარტიასთან გაერთიანდეს, მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. თუმცა პრემიერის თქმით, პროპორციული არჩევნების პირობებში კოალიციური მთავრობის არსებობა გამორიცხული არ არის.

„ბუნებრივია როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პროპორციულ არჩევნებზე ნულოვანი ბარიერის პირობებში, რა თქმა უნდა ამის ალბათობა არის გაცილებით მაღალი. მაგრამ 2020 წლის ოქტომბრამდე არის საკმაოდ დიდი დრო დარჩენილი. მე ნაადრევად არ გავაკეთებდი ასეთ დასკვნებს. „ქართული ოცნება“ არასდროს არ ითანამშრომლებს იმ ძალასთან, რომელიც მთელი ბოლო წლების განმავლობაში იყო ორიენტირებული დესტრუქციაზე და იმაზე რომ როგორმე საქართველო გაეხადათ მძევალი აგრესიული დღის წესრიგისა. გინდა საშინაო და გინდა საგარეო პოლიტიკაში. რომელმაც ძალიან დიდი ტკივილი მიაყენა ქართულ საზოგადოებას და ძალიან დიდი ზიანი ჩვენს ეროვნულ ინტერესებს,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მან პირდაპირ არ უპასუხა შეკითხვას, გაერთიანდება თუ არა "ქართული ოცნება" "პატრიოტთა ალიანსთან".

 

ამავე თემაზე
დღის ამბები