21 აგვისტო 2019,   23:53
ვრცლად
არაპროპორციული ძალა გამოიყენეს ყველას მიმართ - გვილავა შს მინისტრის მოადგილის განცხადებას ეხმაურება 

შს მინისტრის მოადგილის აღიარებას, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტის წინ შეკრებილი მომიტინგეები დაშლასთან დაკავშირებით სამართალდამცავმა უწყებამ არ გააფრთხილა, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროგრამის მენეჯერი, გიორგი გვილავა ეხმაურება.

გიორგი გვილავას თქმით, ხელისუფლებამ საკუთარი მოვალეობა ვერ შეასრულა, რადგან პირველ რიგში, მას მოქალაქეების გაფრთხილება ევალებოდა. გაფრთხილებით, კი გვილავას თქმით, დაშავებულთა რაოდენობა შემცირდებოდა.

გვილავა აცხადებს, რომ აქციის დაშლის დროს ძალიან ბევრი ისეთი მოქალაქე დაშავდა, რომელსაც ძალადობრივი ქმედების განზრახვა არ ჰქონდა.

„ბევრი იყო ადამიანი, რომელიც საერთოდ არ იყო ძალადობრივი ქცევისკენ მიდრეკილი იქ და სამწუხაროდ ვერ გაიგო, როდის იწყებოდა მიტინგის დაშლა. ბევრი ისეთი ადამიანი მოჰყვა ამ დარბევის დროს, რომელიც არ იმყოფებოდა პარლამენტის კიბეებზე და გაფრთხილების მთავარი მიზანიც ეს უნდა ყოფილიყო. მთავარი, რაც იყო გასაკეთებელი, პირველი ეტაპი, ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს გამოტოვეს. საერთოდ, ძალიან დიდი ქაოსი იყო იმ დღეს, წყლის ჭავლი ბოლოს გამოიყენეს, სათანადო ესკალაცია არ ყოფილა, ბევრი პრობლემა იყო და ახლა გვესმის განმარტებები, თითქოს თავსაც იმართლებენ, მეორე მხარეს აბრალებენ. იქ არანაირი მიჯნა არ ყოფილა გავლებული, ვინ იყო მშვიდობიანი და ვინ არ იყო მშვიდობიანი. იქ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს ყველას მიმართ. მთელი ღამის განმავლობაში მიდიოდა, ფაქტობრივად, ნადირობა ადამიანებზე,“ - განაცხადა გვილავამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები