22 აგვისტო 2019,   00:30
ვრცლად
20 ივნისის მოვლენები - ჯგუფური ძალადობის და პარლამეტის შტურმით აღების ბრალდებით, შსს-მ კიდევ 4 პირი დააკავა

20-21 ივნისის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, შსს-მ კიდევ 4 პირი დააკავა. მათ გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. განცხადება ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ გააკეთა. ვლადიმერ ბორცვაძის ინფორმაციით, დაკავებული პირები გამოირჩეოდნენ ძალადობით პოლიციელების მიმართ და ცდილობდნენ ორგანიზებულად პარლამენტში შტურმით შესვლას.

„გამოძიებით დადგინდა რომ 20-21 ივნისს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებისას აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში. სხვადასხვა საგნების გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმა და უწევდნენ მათ წინააღმდეგობას. ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.

"კერძოდ: 1992 წელს დაბადებული კ. ღ. პოლიციელების მიმართ გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით და ცდილობდა მათთვის ფარის წართმევას. ასევე, მან ერთ-ერთი სამართალდამცავი კორდონიდან ხალხის მასაში გაათრია. 1979 წელს დაბადებული ვ. გ. ფიზიკურად და სიტყვიერად უპირისპირდებოდა სამართალდამცავებს და აგრესიულად ცდილობდა პარლამენტის ტერიტორიაზე შეჭრას. მან სოციალურ ქსელში განათავსა 20 ივნისს, პარლამენტის შენობასთან გადაღებული ვიდეო, სადაც ხალხს საგნების სროლით პოლიციის კორდონზე შტურმისკენ მოუწოდებს და სამართალდამცავებს აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას.

"1996 წელს დაბადებული ი. მ. სამართალდამცველს ურტყამდა რეზინის ხელკეტს და შეკრებილებს მოუწოდებდა პოლიციელებზე თავდასხმისკენ. რაც შეეხება, 1997 წელს დაბადებულ მ. ფ.-ს, იგი მოქმედებდა განსაკუთრებული აგრესიით, პოლიციელებს ართმევდა დამცავ ფარებს და ფიზიკურ შეტევას ახორციელებდა მათზე,”-განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე დღეის მდგომარეობით პასუხისგებაშია მიცემული 9 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი - ნიკა მელია, რომელსაც ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში.

 

დღის ამბები