15 ოქტომბერი 2019,   19:57
ვრცლად
გახარიას ათი ტყუილი - ხატია დეკანოიძე შს მინისტრს სიცრუეში ამხელს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ხატია დეკანოიძე შს მინისტრის მიერ გადაცემა „რეაქციაში“ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ოპოზიციის წევრმა გიორგი გახარია ტყუილებში ამხილა  და მის მიერ გაკეთებული თითოეული განცხადება განმარტა.

„ტყუილი ნომერი პირველი -  გიორგი გახარიამ პასუხისმგებლობა დააკისრა ოპოზიციას გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანასათან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ წინა რამდენიმე კვირის მანძილზე ოპოზიცია ძალიან მკვეთრად და ხმამაღლა ამბობდა, რომ საქართველოში იგეგმებოდა სერგეი გავრილოვის ჩამოსვლა. იმ გავრილოვის ჩამოსვლა, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების  აღიარების შესახებ. ასევე იმ გავრილოვის ჩამოსვლა რომელიც იღებდა მონაწილეობას აფხაზეთში საომარ მოქმედებებში. ჩვენ ჩავატარეთ რამდენიმე ბრიფინგი, რომ არ დაეშვათ სერგეი გავრილოვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა.

"ტყუილი ნომერი მეორე - გახარია ამბობს, რომ მას არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი საქართველოს ტერიტორიაზე გავრილოვის შემოშვების. მე მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე უცხო ქვეყნის მოქალაქეების არ დაშვებას საქართველოს ტერიტორიაზე.

"ტყუილი ნომერი მესამე - გახარია ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მოახდინა მყისიერი რეაგირება აქციის მოთხოვნებთან დაკავშირებით. გაგახსენებთ, რომ აქციის მოთხოვნა იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, კობახიძის გადადგომა და კობახიძის გადადგომა არ მოხდა იმ დღეს და კობახიძის გადადგომა მოხდა მხოლოდ და მხოლოდ აქციის დარბევიდან მეორე დღეს.

"ტყუილი ნომერი მეოთხე - გახარია უტიფრად ტყუის, როდესაც ამბობს, რომ იგეგმებოდა გადატრიალება. საზოგადოებას შევახსენებ, რომ საქართველოს მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია 20 ივნისს, როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა გაიღვიძეს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იხილეს წამოსკუპებული გავრილოვი. სწორედ ამის შემდეგ საღამოს საქართველოს პარლამენტის წინ შეიკრიბნენ აღშფოთებული საქართველოს მოქალაქეები.

"ტყუილი ნომერი მეხუთე - გახარია ამბობს, რომ აქციის მონაწილეები გაფრთხილდნენ რამდენიმეჯერ სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ და ასევე ეს გაფრთხილება იყო აღბეჭდილი რამდენიმე ტელეკამერის მიერ. არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, როდესაც პოლიციამ გააფრთხილა აქციის მონაწილეები დაშლის წინ. ასევე შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბახტაძემ რამდენიმე წუთით ადრე განაცხადა, რომ არანაირი სპეც-საშუალებები არ იქნებოდა გამოყენებული.

"ტყუილი ნომერი მეექვსე - ოპოზიციის ნაწილს არ უნდოდა მოლაპარაკებების გამართვა. ეს არის ტყუილი. ჩვენ ვიხილეთ დამდასტურებელი ვიდეომასალა, უწყვეტი კადრები, სადაც ძალიან კარგად ჩანს, რომ ოპოზიციის ლიდერები, გრიგოლ ვაშაძე, ნიკა მელია, გიგი უგულავა მზად იყვნენ შესულიყვნენ მოლაპარაკებებზე.

"ტყუილი ნომერი მეშვიდე - ძალის გამოყენება ეს იყო აუცილებელი მოგერიება. მე მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ამ აქციის დარბევის მიმდინარეობის დროს დაშავებულია 300-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, 38 ჟურნალისტი. ასევე მინდა გავახსენო საზოგადოებას ის ახალგაზრდები, რომლებმაც დაკარგეს მხედველობა.

"ტყუილი ნომერი მერვე - დიდი პლასტმასის ნარინჯისფერი ტყვიები წერია როგორც სპეცსაშუალება საქართველოს პოლიციის შესახებ კანონში. ეს არის უტიფარი დანაშაულებრივი ტყუილი. კანონი ითვალისწინებს მხოლოდ და მხოლოდ იმ სპეცსაშუალებების გამოყენებას, რომელსაც არ შეუძლია ადამიანებს მიაყენოს მძიმე ფიზიკური დაზიანება და დასახიჩრება.

"ტყუილი ნომერი მეცხრე - დაისაჯა და დაისჯება ყველა ის ადამიანი, რომელმაც იძალადა საქართველოს მოქალაქეებზე. გავიდა სამ კვირაზე მეტი და არცერთ ადამიანს, საქართველოს შსს თანამშრომელს არ აქვს ბრალი წარდგენილი იმ დანაშაულებების გამო, რომლებიც მათ ჩაიდინეს. მხოლოდ და მხოლოდ ერთ ადამიანს აქვს შეჩერებული უფლებამოსილება.

"ტყუილი ნომერი მეათე - გავრილოვის ღამეს იგი პარლამენტის შენობიდან ელჩებთან ერთად აკვირდებოდა მოვლენების განვითარებას და ძალადობას საქართველოს მოქალაქეებზე. დღეს ჩვენ ვიხილეთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების განცხადება, რომ ელჩები იქ არ ყოფილან, უფრო მეტიც ძალიან ბევრი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი, კერძოდ ელჩები, ამბობდნენ, რომ ისინი საერთოდ არ ყოფილან საქართველოში გავრილოვის ღამეს,"-აცხადებს ხატია დეკანოიძე.

ხატია დეკანოიძის განცხადებით, შს მინისტრი აღნიშნული ტყუილების ჩამონათვალის გათვალისწინებით, ქართველ საზოგადოებას ამცირებს და თვალებში ნაცარს აყრის. მისი თქმით, გახარია ამ გზით საკუთარ პოლიტიკურ და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გაურბის.  

დღის ამბები