15 ოქტომბერი 2019,   20:25
ვრცლად
გერმანიის ელჩი იყო პარლამენტში, დანარჩენი ელჩები მთელი ღამის განმავლობაში ჩვენთან იყვნენ ხაზზე - შს მინისტრის მოადგილე 20 ივნისის მოვლენებზე 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შს მინისტრის მიერ გუშინ გაკეთებულ იმ განცხადებას განმარტავს, სადაც გიორგი გახარიამ თქვა, რომ დარბევისას ელჩები პარლამენტში იმყოფებოდნენ და საკანონმდებლო ორგანოდან აკვირდებოდნენ პროცესებს. 

ნინო ჯავახაძის თქმით, საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებოდა გერმანიის ელჩი, რომელმაც კომენტარიც გააკეთა. რაც შეეხება სხვა ელჩებს, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ დანარჩენი დიპლომატები შს სამინისტროსთან მთელი ღამის განმავლობაში ხაზზე იყვნენ. 

"გერმანიის ელჩმა საერთოდ პარლამენტიდან გააკეთა კომენტარი იმ ღამეს. ანუ იმყოფებოდა პარლამენტში და პარლამენტიდან გააკეთა კომენტარი. რაც შეეხება დანარჩენ ელჩებს, გარკევული ინტერპრეტაციები მოჰყვა, დანარჩენი ელჩები მთელი ღამის განმავლობაში ჩვენთან იყვნენ ხაზზე. მე თავს შევიკავებ ახლა კონკრეტული ელჩების დასახელებისგან. მთელი ღამის განმავლობაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დაიძაბა სიტუაცია, დაიწყო შტურმი პარლამენტზე, ჩვენ მთელი ღამის განმავლობაში რამდენიმე ქვეყნის ელჩი გვყავდა პირდაპირ კავშირზე,"- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ გუშინ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, რომ პარლამენტში 20 ივნისის ღამეს მასთან ერთად ელჩები იმყოფებოდნენ, რომლებიც დარბევის პროცესს აკვირდებოდნენ. "კურიერმა" ეს ინფორმაცია, რამდენიმე ქვეყნის ელჩთან გადაამოწმა. მათ შორის არის ნიდერლანდების სამეფო, აშშ, საფრანგეთი, რუმინეთი, ესტონეთი და უკრაინა. მათგან ყველამ თქვა, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტში არ ყოფილან.

ამავე თემაზე
დღის ამბები