16 ივლისი 2019,   18:03
ვრცლად
თავდასხმა მოშიმშილეებზე - შეკვეთილში აქციის დარბევაში ივანიშვილის ოჯახის ახლობლები მონაწილეობდნენ

თავდასხმა მოშიმშილეებზე - აქციის მონაწილეები, რომლებიც უკვე მეთექვსმეტე დღეა, შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან შიმშილობენ და 20 ივნისის მოვლენების გამო, შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ, დაარბიეს. დაახლოებით, 50-მდე აგრესორი აქციის მონაწილეთა კარავთან ავტობუსით მიიყვანეს და მათ მეთვალყურეები აკონტროლებდნენ. 

მიკროავტობუსი ბიძინა ივანიშვილის პარკის, „ციცინათელას” საკუთრებაა. დარბევის მონაწილეების უმეტესობა „ციცინათელას“ თანამშრომელია. „კურიერის“ მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთი მათგანი, გოგიტა ძიძიგური წარსულში პოლიციაში მუშაობდა, ერთი თვის წინ კი პარკში დასაქმდა.

კარავში შეკრებილებთან 50-მდე პირი მივიდა, მომიტინგეებს სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ კი კარავი დაშალა და ბანერი ჩამოხია. მათი უმეტესობა, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომაროებაში იმყოფებოდა.

აქციის მონაწილეები მომხდარში ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მათ დასაშლელად გარკვეული ჯგუფი სწორედ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით მიუგზავნეს. 

ივანიშვილის რეზიდენციასთან შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, მოშიმშილეები აგრესორთა ჯგუფებმა ორჯერ დაარბიეს. „კურიერის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი მამაკაცი, რომელიც აქციის მონაწილეთა კარავს შლიდა, წარსულში ყაჩაღობის ბრალდებითაა ნასამართლევი. ის თავს ტაქსის მძღოლს დაესხა. Presa.ge-ის ინფორმაციით, შეკვეთილში მოშიმშილე ახალგაზრდების აქცია ივანიშვილის ძმის, ადიკო ივანიშვილის შვილის, ემზარ ივანიშვილის მეგობრებმა და ცოლის ნათესავებმა დაარბიეს. დარბევას ლანჩხუთის პოლიციის უფროსის მოადგილე, კოტე ესებუა ხელმძღვანელობდა.

დაპირისპირების ადგილზე მალევე მივიდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ვაშალომიძე საქმის უმოკლეს დროში გამოძიებას მოითხოვს.

რამდენიმესაათიანი დაპირისპირების შემდეგ აქციის მონაწილეებმა კარვები თავიდან გაშალეს და საპროტესტო აქციის გაგრძელებას აპირებენ.

სამართალდამცავებმა დღეს მომხდარ ინციდენტზე გამოძიება სხვისი ქონების განზრახ დაზიანების და სხეულის დაზიანების მუხლით დაიწყო.

 

ავტორი: სოფო ჭულუხაძე

დღის ამბები