19 იანვარი 2020,   00:17
ვრცლად
„ქართულ ოცნებაში“ ეგზეკუცია ჩაიშალა - ე.წ. ურჩი დეპუტატები გუნდიდან არ გარიცხეს

„ქართულ ოცნებაში“ ეგზეკუცია ჩაიშალა. მმართველმა პარტიამ კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავების და ახალი შიდა კონფლიქტის გაღვივების თავიდან ასაცილებლად საკუთარი ე.წ. ურჩი წევრების დასჯაზე უარი თქვა.

რომან კაკულია, ალექსანდრე ერქვანია, მარიამ ჯაში და ბიძინა გეგიძე, რომლებიც პირადი მორალური, ან სამართლებრივი მოტივებით გუნდის წინააღმდეგ წავიდნენ და არ მისცეს ხმა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას, პარტიიდან არ გარიცხეს.

„ოცნებაში“ ამ გადაწყვეტილებას ჰუმანურობით და საკითხის, არც თუ განსაკუთრებული მნიშვნელობით ხსნიან.

„ქართული ოცნების“ წევრი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ სანქციები ე.წ. ურჩი დეპუტატების მიმართ არ გამოუყენებიათ.

რაც შეეხება, „ქართული ოცნების“ მეამბოხე წევრებს, მარიამ ჯაში აცხადებს, რომ გუნდს მათი გადაწყვეტილება მწვავედ არ გაუკრიტიკებია. მისივე თქმით, რაიმე სახის საკადრო გადაადგილებაზე „ქართული ოცნების“ ოფისში საუბარი არ ყოფილა.

„უმრავლესობის დატოვების ან სხვა საკადრო გადაწყვეტილება - ეს მსჯელობა დღევანდელი შეხვედრის დღის წესრიგში საერთოდ არ დამდგარა. ჩემი მხრიდან არ ყოფილა დამატებითი ახსნა-განმარტების მიწოდება, იყო მსჯელობა განვითარებულ პროცესზე, ზედაპირულად, მოკლედ მოხდა ამ თემაზე შეჯერება. საკითხი,  უმრავლესობის დატოვების ან რაიმე საკადრო გადაწყვეტილების არ ყოფილა დაყენებული,“ - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამ დეპუტატების შესახებ დღეს როსტომ მეფის სასახლეში გამართულ უმრავლესობის სხდომაზე უნდა ემსჯელათ, სადაც დღის წესრიგში მათი გუნდიდან გარიცხვის საკითხსაც დააყენებდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები