29 მარტი 2020,   07:46
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლეში სპეცრაზმი შეიყვანეს - ექსკლუზიური კადრები

„კურიერის“ ექსკლუზიური კადრები - ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლეში სპეცრაზმი შეიყვანეს. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯგუფები სასახლის შიდა ტერიტორიაზე განლაგდნენ, მათ შორის შეყვანილია 3 სპეცავტომობილი, რომელიც სიგნალის ჩასახშობად გამოიყენება. სავარაუდოდ, იმისთვის, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მობილური და ინტერნეტკავშირი შეიზღუდოს. 

ადგილზე მყოფი ძალოვანი უწყების წარმომადგენლები არ ამბობენ, რატომ იმყოფებიან ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან და კითხვაზე, რატომ არის საპოლიციო ძალების ასეთი მობილიზება ტერიტორიაზე, სამართალდამცველები ჟურნალისტს პრესსამსახურთან ამისამართებს.

„გიდასტურებთ, რომ პოლიციაა. ჩვენ მზადყოფნაში ვართ ყოველთვის, სადაც დაირღვევა და იქნება ამის მცდელობა, შევეცდებით, რომ დავარეგულიროთ სიტუაცია. იქ, სადაც ამის საფრთხე იქნება, იქ დავიცავთ საზოგადოებრივ წესრიგს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს სად იქნება,“ - ამბობს ერთ-ერთი სამართალდამცველი.

სპეცრაზმის მობილიზება, სავარაუდოდ, იმ აქციებს უკავშირდება, რომელიც ამ წუთებში პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობს. „კურიერის“ წყაროს ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ შუშის სასახლეში სპეცდანიშნულების რაზმის წევრები ჩაფხუტებით და ფარებით შეიყვანეს.

ადგილზე უპრეცედენტო რაოდენობის სამართალდამცველი იმყოფებოდა. ტერიტორიაზე მობილიზებული იყო სპეცდანიშნულების სამსახურის წარმომადგენლები, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და ასევე, საპატრულო ეკიპაჟის მანქანებიც.

მას შემდეგ, რაც ადგილზე „კურიერის“ გადამღები ჯგუფი მივიდა, სამართალდამცველებმა ტერიტორია, ეტაპობრივად, დატოვეს, თუმცა ბიძინა ივანიშვილის სასახლის ტერიტორიის მიმდებარედ გაჩერდნენ. 

დღის ამბები