24 აგვისტო 2019,   01:52
ვრცლად
"ძმა მომიკვდა იმიტომ, რომ საავადმყოფოს პატრონი არ ჰყავს" - ყვარლის ჰოსპიტალში უმძიმესი მდგომარეობაა

ყვარლის ჰოსპიტალში უმძიმესი მდგომარეობაა. დაგვაინებული სამედიცინო სერვისის გამო, ერთი ადამიანი დაიღუპა. 56 წლის ბესიკ იაშვილს, რომელიც კლნიკაში გულის შეტევით მიიყვანეს, დახმარება ვერ აღმოუჩინეს, რადგან როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, ამის რესურსი საავადმყოფოში არ არსებობს. მათივე თქმით, ჰოსპიტალს არ აქვს არც რეანიმაცია და გადაუდებელი დახმარებისთვის საჭირო აპარატურა.

პაციენტის მძიმე მდგომარეობის გამო, ექიმებმა რეანომობილი გამოიძახეს და ბესიკ იაშვილის სასწრაფოდ სხვა კლინიკაში გადაყვანა გადაწყდა, თუმცა კატასტროფის ბრიგადა ადგილზე 6 საათის განმავლობაში არ ჩავიდა. ამ დროის განმავლობაში მდგომარეობა დამძიმდა და 56 წლის მამაკაცი რეალურად სამედიცინო დახმარების გარეშე გარდაიცვალა.

"ძმა მომიკვდა იმიტომ, რომ საავადმყოფოს პატრონი არ ჰყავს" - განუცხადეს "კურიერს". 

პაციენტების ნაამბობიდან ირკვევა, რომ ყვარელს საავადმყოფო რეალურად არ აქვს და ათასობით ადამიანის სიცოცხლე ამ მუნიციპალიტეტში საფრთხეშია. ეროვნული ჰოსპიტალი "ევექსის" სამედიცინო ჯგუფს ეკუთვნის. ის 2012 წელს გაიხსნა, რა დროსაც რეანიმაციული განყოფილებაც იყო, სამშობიაროც, სტაციონარიც და თანამედროვე აპარატურაც, თუმცა ნელ-ნელა ყველაფერი მოხსნეს და სხვა კლინიკებში გადაანაწილეს.

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ყვარლის ჰოსპიტალთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ აქამდე არ იცოდნენ. უწყებაში აცხადებენ, რომ ჰოსპიტალს ნებართვები ყველა სახის მომსახურებაზე აქვს.

სამინისტროში ამბობენ, რომ მსგავს შემთხვევებში კონკრეტული გამოსავალი არსებობს, თუმცა ეს საკითხი უწყების წინაშე ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა უნდა დააყენოს. ყვარლის მერიას კი საკუთარი მოქალაქეების საჭიროებების შესახებ არაფერი უთქვამს.

ყვარლის მერს კითხვებს ოპოზიციაც დაუსვამს. საკრებულოს უახლოეს სხდომაზე დეპუტატები ამ საკითხის დაყენებას აპირებენ.

ყვარლის მთავარი საავადმყოფო 2012 წლის თებერვალში გაიხსნა. კლინიკა 32 საწოლზე იყო გათვლილი. გახსნის დროს ჰოსპიტალში ყველა განყოფილება მუშაობდა და კლინიკა ყველა საჭირო აპარატურით იყო აღჭურვილი. დღეს შენობა, თითქმის, ცარიელია.

დღის ამბები