24 აგვისტო 2019,   01:53
ვრცლად
რეკორდული თანხები მივლინებებში - ჩინოვნიკებმა ერთ წელში 78 მილიონი ლარი დახარჯეს

წლიდან წლამდე საქართველოს ხელისუფლება მივლინებებში სულ უფრო მეტ ფულს ხარჯავს. მათ მგზავრობის, სასტუმროს, კვების და უცხოეთში გადაადგილების ხარჯებს კი ხალხი იხდის. 2014 წელს ხალხს მივლინებები, თითქმის, 65 მილიონი ლარი უჯდებოდა. წლიდან წლამდე ეს თანხა იზრდება და 2018 წელს რეკორდულ ნიშნულზე 78 მილიონზე ავიდა.

2019 წელს აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით დგინდება, რომ მარტო პირველ სამ თვეში მივლინებებზე საქართველოს ხელისუფლებამ უკვე 18 მილიონზე მეტი დახარჯა, რაც უკვე ორი მილიონით მეტია 2018 წლის რეკორდულ ხარჯვასთან.

სამინისტროებს შორის ლევან იზორიას უწყება ლიდერობს. თავდაცვის სამინისტრომ 2019 წლის მხოლოდ პირველ 3 თვეში უწყებამ 10 მილიონამდე დახარჯა. უწყების ინფორმაციით, ამ ფულის დიდი ნაწილი ქვეყნის გარეთ, მათ შორის ავღანეთის მისიებში ჯარისკაცების გაგზავნაა მოხმარდა.

მხარჯველების ტოპ ათეულში წელს მეორე ადგილზე არიან განათლების სამინისტრო და მთავრობის ადმინისტრაცია, ამ უწყებების ჩინოვნიკების უცხოეთში გადაფრენა, ცხოვრება და კვება ხალხს 1.2 მილიონი დაუჯდა. მხარჯველების სამეულშია შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელმაც მივლინებებზე სამ თვეში 1.1 მილიონი დახარჯა. მივლინებებში გაცილებით მეტი 621 ათას 820 ლარი დახარჯა გარემოს და სოფლის სამინისტრომ, ვიდრე საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

3 თვეში უკვე ნახევარ მილიონზე მეტი აქვს დახარჯული მივლინებებში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას. ზურაბიშვილის ვიზიტები ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაგვიჯდა.

სიღნაღის მერიის მაღალჩინოსნები ცოტა ხნის წინ პოლონეთში მოცეკვავეებთან ერთად წავიდნენ. ბიუჯეტში ფული არ ჰქონდათ, ამიტომ საკრებულოს საგანგებო სხდომა მოიწვიეს. 20 000 ლარით სოფლებში გარე განათების მონტაჟისთვის გამოყოფილი თანხა შეამცირეს და ამ ფულით პოლონეთში წასასვლელად ავიაბილეთები იყიდეს, სასტუმრო დაჯავშნეს და ჯიბის ფულად, დღიური გამოიწერეს.

მივლინებების ხარჯებთან ერთად არანაკლებად ხელგაშლილია ხელისუფლება ბიუჯეტის ფულით რესტორნებში სიარულში. 2014 წლიდან წარმომადგენლობითი ხარჯი იზრდება და 2018-ში უკვე 23 მილიონამდე ავიდა. წელს მხოლოდ 3 თვეში ამ მიზნით უწყებებმა 3 მილიონამდე დახარჯეს.

წინა კვირას სოციალურ მედიაში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა 10 წლის ქუთაისელი მოჭადრაკის ანასტასია კირთაძის ამბავს. ანასტასია, რომელიც ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონი და მსოფლიო ვიცეჩემპიონია, ამჯერად ევროპის ჩემპიონატზე უფულობის გამო ვერ წავიდა. მოქალაქეები წერდნენ, რომ ბავშვი, რომელსაც უფულობის გამო, ევროპის ჩემპიონობის შანსი წაართვეს, სახელმწიფოსგან გულგრილი მიდგომის მსხვერპლია. მას სულ 4000 ლარი სჭირდებოდა.

ამასობაში კი ბიუროკრატიის და ჩინოვნიკების შენახვაზე ხელისუფლება 2013 წელთან შედარებით დღეს 500 მილიონით მეტს ხარჯავს. ცალკე საკითხია ხელფასები, დანამატები და პრემიები, რაც ოპოზიციის ინფორმაციით, 2012 წელთან შედარებით ხალხს 1 მილიარდით მეტი უჯდება. 

ჩინოვნიკები რომ სრულად ხალხის ხარჯზე ცხოვრებენ სამოქალაქო სექტორის კვლევებიც ადასტურებს. „შეაჩერე კორუფციამ“ "შაბათის კურიერს" გადასცა დოკუმენტები, საიდანაც დგინდება, რომ საჯარო მოხელეები ყავასაც კი ხალხის ხარჯზე სვამენ.

დღის ამბები