24 აგვისტო 2019,   01:51
ვრცლად
ამ პროცესს შეიძლება მივყავდეთ რუსული კვალისკენ - მესამე სექტორი მთავრობის ადმინისტრაციასთან განვითარებულ მოვლენებზე

კონტრაქციის მონაწილეები მართულები იყვნენ - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციასთან განვითარებული მოვლენების შეფასებისას საუბრობენ.

მესამე სექტორში აცხადებენ, რომ ლგბტ თემის წინააღმდეგ მიმართული მოძრაობის კვალი რუსეთამდე მიდის.

მთავრობას მკაფიო პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძე. მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს საზოგადოებას, თუ ვის მხარეს დგას - იცავს შეკრების თავისუფლებას თუ კონკრეტულ ჯგუფებს უჭერს მხარს.

„გუშინ ძალიან ნათლად და მკაფიოდ გამოიკვეთა, რომ ეს პროცესი არ არის პროცესი, რომელიც აქ ადგილზე მზადდება, ჩვენ ვნახეთ, მათ შორის, საქართველოს პარტნიორი მეგობარი ქვეყნების წინააღმდეგ მიმართული განცხადებები, რაც დამაფიქრებელია და სავარაუდოდ, მიანიშნებს, რომ, გარკვეულწილად, მაინც ამ პროცესს შეიძლება მივყავდეთ ჩვენ რუსული კვალისკენ და კიდევ ერთი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მე ვფიქრობ, რომ ზოგადად, ხელისულფებამ ნათლად და მკაფიოდ უნდა უთხრას საზოგადოებას, სად დგას ის - ის დგას შეკრების და მანიფესტაციების თავისუფლების მხარეს, ის დგას, ყველა ადამიანის თანასწორობის მხარეს თუ ის ირჩევს იმ მდგომარეობას, როდესაც გარკვეული კონიუნქტურის თუ რეალობის გათვალისწინებით, მისი მიზანია კონკრეტული ჯგუფების მხარდაჭერა,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.

გარდა ხელისუფლებისა, სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც მოუწოდებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერი, გიორგი გვილავა პოზიციის დაფიქსირებისკენ.

„გარდა იმისა, რომ სახელმწიფო ვალდებულია, აღკვეთოს და პრევენცია მოახდინოს ძალადობის, ამის გარდა, სახელმწიფო უნდა დაინტერესდეს ძალადობისკენ მოწოდებისკენ და ორგანიზებით ასეთი აქციების, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ასევე, საინტერესოა, ამ პროცესში რა პოზიცია აქვს პოლიტიკურ სპექტრს იმიტომ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთი მომენტების დროს, როგორ იცავს პოლიტიკურ სპექტრი კონსტიტუციას და რამდენად სცემენ კონსტიტუციას ისინი პატივს. მათი განცხადებები არის ძალიან მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ, იმ მომენტში, როცა დაძაბული იყო მდგომარეობა, ასეთი განცხადებები არ იყო. ფაქტი ერთია, საჯაროდ ჩანდა, როგორ მოხდა ამ ყველაფრის ორგანიზება და ვინ რას აკეთებდა ამ პროცესში, პასუხი ამაზე წესით მარტივი უნდა იყოს და დაველოდოთ, რა პასუხი ექნება შსს-ს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა გვილავამ.

დაპირისპირება მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ვითარება „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებსა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე უკიდურესად დაიძაბა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები