24 აგვისტო 2019,   02:17
ვრცლად
„ქუდზე კაცი“ - ლევან ვასაძე მუქარის შემცველ მიმართვას ავრცელებს

„ქუდზე კაცი“ - ლევან ვასაძე საზოგადოებას სამოქმედო გეგმას ვერის ბაღში ხვალ გააცნობს. ამის შესახებ განცხადება ბიზნესმენმა ინტერნეტის საშუალებით გაავრცელა და მამაკაცებს ვერის ბაღში 20:00 საათზე მისვლისკენ მოუწოდა.

ლევან ვასაძე ონლაინმიმართვაში კვლავ მუქარის შემცველ განცხადებას აკეთებს და ლგბტ თემის წარმომადგენლებს ღიად ემუქრება.

„ყველგან მოგაკითხავთ, ყველა კორდონს გავარღვევთ და წაგლეკავთ,“ - ამბობს ვასაძე.

ვასაძემ განცხადება დიპლომატიურ კორპუსზე შეტევით დაიწყო და აღნიშნა, რომ სასულიერო პირებთან შეხვედრის დროს საელჩოების წარმომადგენლები მათგან "თბილისი პრაიდის" ჩატარების ნებართვას ითხოვდნენ. თუმცა, მისივე თქმით, მღვდელმსახურებმა მათი თხოვნა არ გაითვალისწინეს და სწორედ შეხვედრის დასრულების შემდეგ გაავრცელა საპატრიარქომ განცხადება, სადაც ხელისუფლებას მოუწოდა, რომ "თბილისი პრაიდის" ჩატარება არ დაუშვას.

„უპრეცედენტო ზეწოლა, რომელიც ხორციელდება ჩვენს სახელმწიფოსა და ჩვენს ეკლესიაზე, არაფრით არ დამთავრდება. გუშინ იყო სითავხედის და ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მორიგი საოცარი მაგალითი. ჯერ იყო და ჩვენი ეკლესიის ხელმძღვანელები, ჩვენი ძვირფასი მეუფეები მივიდნენ ამერიკის საელჩოში, სადაც მათ დაახვედრეს უამრავი ელჩი და ორი საათი გეგონება, სხვა პრობლემა ჩვენს ქვეყანას არ ჰქონდეს და სხვა სადარდებელი, ეს ხალხი, რომელიც თვალს ხუჭავდა ჩვენი ხალხის დარბევაზე, დაჩაგვრაზე და ყოველგვარ უსამართლობაზე, რაც საქართველოში ხდებოდა ბოლო წლებში, ეს ხალხი „ეჩალიჩებოდა“, მე სხვა სიტყვას ვერ ვხედავ, ეკლესიას, რომ ნება დაერთოთ მათ, რომ დათანხმებოდნენ ისინი, რომ ამათმა აქ ჩაგვიტარონ გარყვნილების აღლუმი,“ - განაცხადა ვასაძემ.

ბიზნესმენი მთავრობის ადმინისტრაციასთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ უცებ მობილიზებულმა საზოგადოებამ ლგბტ თემს აქციის გამართვის საშუალება არ მისცა და აანონსებს, რომ არც მომავალში დართავს ნებას.

„თუ ჩვენ ამ წუნკლებს, ჩვენი პოლიტიკოსების ჩათვლით, ჩავატარებინებთ რამე ღონისძიებას საჯაროს მომავალ კვირას, ჩვენ შეგვიძლია დავემშვიდობოთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან შერიგების ყოველგვარ პერსპექტივას, ჩვენს რეპუტაციას მთელ კავკასიაში,“ - განაცხადა ვასაძემ.

ვასაძის თქმითვე, გუშინ სიტუაცია საკმაოდ მძიმე იყო. ლევან ვასაძის კრიტიკა ასევე დაიმსახურეს სამართალდამცავებმა, რადგან ბიზნესმენის შეფასებით, ისინი კორდონის გარღვევის საშუალებას კონტრაქციის მონაწილეებს არ აძლევდნენ და ამის მცდელობის გამო რამდენიმე მათგანი დააკავეს.

„ძალიან ახლოს იყო უბედურებასთან იქაურობა, მე ვლოცულობდი, რომ ის უბედურება იქ არ მომხდარიყო. პოლიცია თავიდან მომეჩვენა, რომ იქცეოდა ძალიან კარგად, მაგრამ მერე მოიქცა ძალიან ცუდად - ე.ი. არბევდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს, საკმარისი იყო ვინმეს ხმა ამოეღო, ან რამე გაეკეთებინა, იქვე აპატიმრებდნენ და მიათრევდნენ საპყრობილეში და იმ 10 ცალ სკვინტლიან პეროებს ეფოფინებოდნენ, როგორც კერპებს, იდოლებს, რომელთა შიში აქვთ, ეგეთი ბრძანება აქვთ და ამ ბრძანების გამცემ ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ყველას, ვინც საქართველოს სათავეშია, მინდა ვუთხრა, არაფერი შეგეშალოთ. ჩვენ არ მოგცემთ თქვენ უფლებას, კორდონების ჩაყენებისა ამ კვირაში და მაგათ მიერ რაიმე საჯარო აქციების ჩატარებისა,“ - ამბობს ვასაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები