24 აგვისტო 2019,   02:57
ვრცლად
„(ჰომოსექსუალები) თუ არ შეინანებენ ჯოჯოხეთში დაიწვებიან,“ - "თბილისი პრაიდის" კონტრაქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

„(ჰომოსექსუალები) თუ არ შეინანებენ ჯოჯოხეთში დაიწვებიან,“ - ამ ლოზუნგით მთავრობის ადმინისტრაციასთან "თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ.

ისინი "თბილისი პრაიდის" ჩატარების შეზღუდვას ითხოვენ და საპატრიარქოს დღეს გავრცელებულ განცხადებას იზიარებენ, სადაც სასულიერო პირებმა ხელისუფლებას მოსთხოვეს, არ მისცეს ორგანიზატორებს თბილისი პრაიდის ჩატარების უფლება.

"თბილისი პრაიდის" ჩატარების ორგანიზატორები კი მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ და აქციას მართავენ სახელწოდებით “სახელმწიფო, სად ხარ?”

დღევანდელი აქციის ერთ-ერთი მონაწილე სასულიერო პირი ამბობს, რომ ისინი "სოდომ-გომორული ცოდვის" პროპაგანდას აპროტესტებენ.

„ძალადობა არაფერ შუაში აქ არ არის, ჩვენ აქ ვდგავართ რომ გავაპროტესტოთ ჩვენი აქ ყოფნით ყოველგვარი სოდომ-გომორული ცოდვის პროპაგანდაზეა ლაპარაკი. ექიმს სძულს ავადმყოფობა, თორემ პაციენტი უყვარს, გესმით? ჩვენ ყველა სამწუხაროდ, ცოდვილები ვართ ადამიანები, მაგრამ აქ ლაპარაკი არის პროპაგანდაზე,“ - ამბობს სასულიერო პირი.

აქციაზე მყოფთა ნაწილი კი "რუსთავი 2"-თან კომენტარს არ აკეთებენ.

მწვავე დაპირისპირება მთავრობის ადმინისტრაციასთან დაკავებებით გაგრძელდა. პოლიციამ ლგბტ თემის მოწინააღმდეგე კონტრაქციის მონაწილეები მას შემდეგ დააკავა, რაც ერთ-ერთმა შეკრებილების მიმართულებით გაურკვეველი საგანი ისროლა. იყო ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევაც.

მთავრობის კანცელარიასთან ამ დრომდე პოლიციაა მობილიზებული. პარალელურად, ადგილზე რჩებიან ლგბტ თემის და კონტრაქციის წარმომადგენლები.

დღის ამბები