24 აგვისტო 2019,   01:52
ვრცლად
სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა - „ოცნებამ“ ოპოზიციისა და არასამთავრობოების რეკომენდაციები არ გაითვალისწინა

„ქართული ოცნების“ ინტერესებზე მორგებული სასამართლოს რეფორმის მეოთხე ტალღა -ორწლიან მუშაობას ხელისუფლება ისე ასრულებს, რომ საბოლოო დოკუმენტში სამოქალაქო სექტორის და ოპოზიციის არც ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია გათვალისწინებული არ არის.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი სასამართლოს მეოთხე ტალღის ფარგლებში განხორციელებულ ცვლილებებს კოსმეტიკურს უწოდებს. ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ”ქართულმა ოცნებამ” ფასადურად მიღებული რეფორმით სასამართლოში ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანი უფრო გააძლიერა და მათ ზეწოლის ბერკეტები გაუზარდა.

სასამართლოს რეფორმის მეოთხე ტალღის დროს მიღებული ცვლილებებით უკმაყოფილოა მესამე სექტორი. არასამთავრობო ორგანიზაციებმა სამუშაო ჯგუფს, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარ ხელმძღვანელობდა, რამდენიმე პრინციპული ცვლილება შესთავაზა, რაც ირაკლი კობახიძემ არ გაითვალისწინა. მათ შორისაა სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების თავმჯდომარეების დანიშვნა. რეფორმის მიხედვით, ეს უფლებამოსილება ისევ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რჩება.

ცვლილებების პაკეტში, რომლზეც ხელისუფლება 2 წლის განმავლობაში მუშაობდა, ისევ პრობლემური რჩება მოსამართლეთა უვადოდ გამწესების საკითხი. იუსტიციის საბჭოს წევრებს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა და მათი ქულებით შეფასება ისევ საკუთარი გადაწყვტილებით შეუძლიათ. საბჭოს წევრებს არ ექნებათ ვალდებულება, განმარტონ, რის მიხედვით შეაფასეს მოსამართლეები დაბალი ან მაღალი ქულით.

ოპოზიციისთვის მიუღებელია მოსამართლეთა დისციპლინარულ პასუხისგებაში მიცემის ვადის შემცირებაც. ცვლილებების მიხედვით, ეს ვადა 5-დან 3 წლამდე მცირდება, რაც, ოპოზიციის შეფასებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლეებზე ზეწოლის ბერკეტს უტოვებს.

 

დღის ამბები