24 აგვისტო 2019,   02:11
ვრცლად
აშშ-ს გაფრთხილების შემდეგ საქართველოს რუსეთი ემუქრება - სახიფათო გზავნილები პრაღიდან

ოკუპანტი სახელმწიფოს ღია მუქარა საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის გაფრთხილებას და მოწოდებას მოჰყვა.

კრემლის განსაკუთრებული პროტესტის მიზეზი ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობაა, მოსკოვი თბილისისგან ითხოვს, რამე მოუხერხოს ღრმაწყლოვან პორტს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინი ამერიკის სახელმწიფო მდივნის გზავნილებმა გააღიზიანა. მაიკ პომპეოს განცხადება, რომ ამერიკა ღიად უჭერს მხარს საქართველოს სწრაფ გაწევრიანებას ნატო-ში კრემლის პროტესტი მოჰყვა და ღია მუქარა მოჰყვა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ კრემლის მუქარა, საქართველოს მთავრობის პოლიტიკის შედეგია, რომელიც ცდილობს არ გააღიზიანოს მოსკოვი, დათმობებზე წავიდეს კრემლთან და ამ ნაბიჯებით საქართველოს ეროვნულ ინტერესებს აზარალებს.

უმრავლესობა დღეს კრიტიკული არა კრემლის, არამედ ოპონენტების მიმართ იყო. ისინი ამტკიცებდნენ, რომ გრიგორი კარასინს ამ მუქარით ახალი არაფერი უთქვამს და კრემლის ნარატივში მისი გზავნილები ზუსტად ჯდებოდა.

სწორედ ხელისუფლების უმოქმედობას და ოკუპანტ ქვეყანასთან არასწორ პოლიტიკას უკავშირებენ ექსპერტები კრემლის ახალ მუქარას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე უკვე თბილისშია. ის ორი დღეა ამტკიცებს, რომ ანაკლიის პორტის პროექტზე შეხვედრის დროს საუბარი გრიგორი კარასინთან არ ყოფილა, რადგან რუსეთს ამ პროექტთან არანაირი შეხება არ აქვს.

კარასანის მუქარის შემდეგ ზურაბ აბაშიძემ გვერდი პოლიტიკურ განცხადებებს ვერ აუარა და თქვა, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობები ქვეყნის სტრატეგიული არჩევანია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ვიდეომასალა რადიო "თავისუფლებამ" გაავრცელა.

დღის ამბები