24 აგვისტო 2019,   02:48
ვრცლად
14 წლის გოგონას გაუპატიურების საქმე - მომხდარი სამართალდამცველებს მხოლოდ მას შემდეგ გაახსენდათ, რაც ამბით მედია დაინტერესდა

კახეთში 14 წლის გოგონას გაუპატიურების საქმე სამართალდამცველებს მხოლოდ მას შემდეგ გაახსენდათ, რაც ამბით მედია დაინტერესდა. რეგინფომ გაარკვია, რომ არასრულწლოვნის გაუპატიურების საქმე გამოუძიებელი იყო.

სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში 28 წლის ქამირ ბაირამოვი დააკავეს, თუმცა მანამდე სამი წლის განმავლობაში ის სოფელში თავისუფლად გადაადგილდებოდა და მსხვერპლს აშინებდა. დაკავების შემდეგ სასამართლო პროცესზე ქამრან ბაირამოვი დღეს პირველად მიიყვანეს. არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული ქამრან ბაირამოვი სიღნაღის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

შემზარავი ისტორია კახეთში 2015 წელს მოხდა. 14 წლის გოგონა თანასოფლელმა გაიტაცა, მიტოვებულ სახლში საწოლზე მიაბა და რამდენჯერმე გააუპატიურა. გოგონას ოჯახმა მაშინ იჩივლა და 2016 წელს საგარეჯოს პოლიციამ საქმის გამოძიება დაიწყო, სასამართლომ მოძალადეს დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

არასრულწლოვანი და მისი ოჯახი მოძალადის დაკავებას წლების განმავლობაში ითხოვდნენ. ბაირამოვს ოფიციალურად პოლიცია ეძებნა, თუმცა არც არსად იმალებოდა და სოფელში ცხოვრობდა. ამ დროს 28 წლის მამაკაცმა არასრუწლოვანი კიდევ ერთხელ მოიტაცა, ისევ გააუპატიურა და ხმაურის თავიდან ასაცილებლად გოგონას მასთან ცხოვრება შესთავაზა. 

არასრულწლოვანი, რომელიც წლების განმავლობაში ჩიოდა და ბაირამოვის დაკავებას ითხოვდა, ახლა მძიმე ისტორიის სხვა ვერსიას ჰყვება.

„მეზობელი იყო ჩემი, ვიცნობდით ერთმანეთს. ადრე, რაც გამიკეთა, იმაზე გავბრაზდი, მერე შევრიგდით და მეორედ ჩემი ნებით გავყევი, გავიპარეთ. ერთი-ორი დღეა, გავიგე, რომ დააკავეს, ვთხოვ, რომ გამოუშვან, რატომ ერევიან ჩვენს საქმეში, პირველად რომ გამიტაცა, მაგაზე გავბრაზდი, მეწყინა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ მიყვარს,“ - ამბობს გოგონა.

ქამრან ბაირამოვი თავს დამნაშავედ არ ცნობს. ამბობს, რომ გოგონას 2 ჯერ მოტაცება და მასზე ძალადობა დანაშაული არ არის.

 

ავტორი: ია გულიაშვილი

დღის ამბები