16 ივნისი 2019,   19:08
ვრცლად
გაათავისუფლეთ სასამართლო, ჩაატარეთ სამართლიანი არჩევნები, ააშენეთ ანაკლიის პორტი - სახელმწიფო მდივნის კრიტიკული გზავნილები „ოცნების“ ხელისუფლებას

გაათავისუფლეთ სასამართლო, ჩაატარეთ სამართლიანი არჩევნები, ააშენეთ ანაკლიის პორტი და ნუ ებრძვით დამოუკიდებელ მედიას - სწორედ ეს უთხრეს საქართველოს პრემიერს ვაშინგტონში ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე და ეს ჩაწერეს ქართულ-ამერიკული ქარტიის დეკლარაციაში.

მამუკა ბახტაძესთან მოლაპარაკების დასრულების შემდეგ მაიკ პომპეომ საჯაროდ თქვა, რომ საქართველოს პრემიერთან ყველა პრობლემური საკითხი დახურულ კარს მიღმაც განიხილა. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ხისტი შენიშვნები, საჯაროდაც გააჟღერა. მაიკ პომპეომ სამართლიანი არჩევნების ჩატარება და თავისუფალი სასამართლოს არსებობა მოითხოვა. 

ერთ-ერთი მთავარი გზავნილი ანაკლიის პორტს ეხებოდა. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ პორტის აშენება საქართველოსთვის აუცილებელია. პომპეოს განცხადებიდან ერთ დღეში კი საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის მშენებელ კომპანიას, ვალდებულებების შესასრულებლად ვადა 6 თვით გაუხანგრძლივა.

პომპეოს შენიშვნები საქართველოს პარლამენტსაც ეხებოდა. სახელმწიფო მდივანმა ქართველ კანონმდებლებს ვაშინგტონიდან შეახსენა, რომ მისი მოვალეობაა მთავრობის კონტროლი და იმ დაპირებების შესრულება, რომელიც ხალხს მისცა.

ხისტი, ღია და არადიპლომატიური შენიშვნები ამერიკის პირველი დიპლომატისგან  მოულოდნელი არც ოპოზიციისთვის ყოფილა და არც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის. ისინი ვაშინგტონში პრემიერის ვიზიტამდე იმყოფებოდნენ და კარგად იციან, რა განწყობა აქვს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს ამომრჩევლების მოსყიდვასა და ბოლო დროის არჩევნებზე.

პრემიერ მინისტრი და მისი პოლიტიკური გუნდი შეერთებული შტატების მთავარი დიპლომატის სიტყვებში მხოლოდ დადებით გზავნილებს ხედავენ და ჯიუტად არ საუბრობენ პრობლემებზე.

დღის ამბები