15 ოქტომბერი 2019,   19:56
ვრცლად
ელიტური კორუფცია ქვეყანაში - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხმაურიანი კვლევა

"მოქალაქეების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ხელისუფლება სათანადოდ არ იძიებს კორუფციის შემთხვევებს" - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კიდევ ერთი ხმაურიანი კვლევა, რომელიც ელიტურ კორუფციას ეხება.

დოკუმენტი, საზოგადოებრივი აზრის კვლევას ეხება და ჩამოთვლილია კონკრეტული ფაქტები, რომელიც ხელისუფლების მაღალჩინოსნების ან მაღალ ეშელონებთან დაახლოებული პირების შესაძლოა დანაშაულს ეხება, თუმცა სამართალდამცველებმა ეს ფაქტები რეაგირების გარეშე დატოვეს.

მაგალითად, საუბარია TBC ბანკის, ოთარ ფარცხალაძის, ჩინოვნიკების ქონების, საარჩევნო მისყიდვის, „ომეგა ჯგუფის“ საქმეებზე, სადაც ბრალდების მთავარი ადრესატები, სწორედ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები იყვნენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერმა, ერეკლე ურუშაძე აცხადებს, რომ მოქალაქეების მხოლოდ მცირე პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლის კუთხით ვითარება უკეთესობისკენ მიდის. 

„მხოლოდ 15% მოქალაქეების ფიქრობს, რომ მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლება კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. ასევე, მოქალაქეების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ხელისუფლება სათანადოდ არ იძიებს კორუფციის შემთხვევებს, მაშინ, როდესაც საქმე ეხება მაღალი თანამდებობის პირებს ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ გავლენიან ადამიანებს. როდესაც ჩვენ გვაქვს რეალურად ერთპარტიული სისტემა და ერთ პოლიტიკურ პარტიას მონოპოლიზებული აქვს სრულად ძალაუფლება, მას აქვს გავლენა აბსოლუტურად ყველა საჯარო ინსტიტუტზე, მათ შორის სამართალდამცავ უწყებებზე. ამიტომ, ცხადია, ჩვენ გვჭირდება ერთის მხრივ უფრო დამოუკიდებელი სამართალდამცავი უწყებები, კონკრეტულად, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო და მეორეს მხრივ, გრძელვადიან ტენდენციაზე თუ ვისაუბრებთ, ჩენ გვჭირდება უფრო დემოკრატიული, უფრო პლურალისტური პოლიტიკური სისტემა და რეალური მრავალპარტიული დემოკრატია“ - განაცხადა ერეკლე ურუშაძემ.

დღის ამბები