19 სექტემბერი 2019,   03:55
ვრცლად
გინება და პოლიტიკური გარჩევა პარლამენტში - დეპუტატებს შორის კამათი დაპირისპირებაში გადაიზარდა

გინება და პოლიტიკური საქმის გარჩევა პარლამენტის დარბაზში - გიგა ბოკერიასა და გიორგი ვოლსკის შორის დაწყებული კამათი მასშტაბურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" მიმართ ბრალდებებს 9 წლიან მმართველობაზე ოპოზიციამ "ქართული ოცნების" წევრების კომუნისტური წარსულის შეხსენებით უპასუხა.

საკანონმდებლო ორგანოს სხდომა დღეს რამდენიმე წუთით შეწყდა. დეპუტატები ერთმანეთის სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მას შემდეგ გადავიდნენ, რაც პოლიტიკური დებატებისთვის გამოყოფილი დრო აღარ ეყოთ და მათი მიკროფონები გაითიშა.

არჩევნების მეორე ტურის თემაზე დაწყებული დებატები დაპირისპირებაში მალევე გადაიზარდა. ოპოზიციამ "ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ვოლსკის შეახსენა, რომ კომუნისტური პარტია მას არც 9 აპრილის სისხლიანი მოვლენების შემდეგ დაუტოვებია.

ვოლსკის დაცვა საპარლამენტო უმრავლესობის იმ წევრმა სცადა, რომელიც ოპოზიციის მიმართ სიძულვილის ენას ყველაზე ხშირად იყენებს. ზაზა პაპუაშვილი სტილი ამ შემთხვევაშიც დაცული იყო. ის პოლიტიკურ განწყობას მხოლოდ სიტყვებით არ გამოხატავდა და ჟესტებსაც იშველიებდა. მან საბოლოოდ ყველაფერი გიგა ბოკერიას დააბრალა, მისგან ბოდიშის მოხდა და მისი დარბაზიდან გაძევება მოითხოვა.

დარბაზში საქმე, თითქმის, ხელჩართულ ჩხუბამდე მას შემდეგ მივიდა, რაც ოპოზიციამ ივანიშვილის პარტია კრიმინალებთან ღია გარიგებაში დაადანაშაულა. გიგა ბოკერიამ "ქართული ოცნება" გააფრთხილა, რომ თუ პოლიტიკურ პროცესებში კრიმინალების ჩართვაზე უარს არ იტყვის, კრიმინალური სამყაროს გავლენები ქვეყანაში კიდევ უფრო გაძლიერდება და თავადაც კრიმინალების მძევალი გახდება. 

დაპირისპირებას ტრიბუნიდან აკვირდებოდა პარლამენტის თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძე მწვავე პოლიტიკურ დებატებს ხუმრობით გამოეხმაურა. შემდეგ კი დააანონსა, რომ სხდომათა დარბაზში გინების ამბავს პარლამენტის ეთიკის საბჭო განიხილავს, რომელიც ამ ჩხუბის გამო საგანგებოდ შეიკრიბება.

ამავე თემაზე
დღის ამბები