16 ივნისი 2019,   18:48
ვრცლად
ძალადობა ბავშვებზე - გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედის შემდეგ 5 წლის ბიჭზე ძალადობისთვის მამინაცვალი დააკავეს

ტრაგიკულად გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედის დაკავებიდან 4 თვის შემდეგ საბრალდებო სკამზე ბავშვის მამინაცვალი აღმოჩნდა. არკადი ძავაშვილს მეორე გერზე, 5 წლის ბავშვზე ფიზიკურ ძალადობას ედავებიან.

ახლა უკვე ორივე მშობელი ბრალდებულია - დედა 4 წლის ნინოზე ძალადობისთვის, რომელიც მძიმე ფიზიკური დაზიანებების გამო იანვარში გარდაიცვალა, მამინაცვალი კი ნინოს ძმის ცემისთვის.

ორი მცირეწლოვანი ბავშვი ოჯახიდან ზიგზაგის ქუჩაზე მომხდარი საზარელი ამბის შემდეგ წაიყვანეს, თუმცა მათი მდგომარეობა რთულია და მოზარდებთან ამ დრომდე ფსიქოლოგები მუშაობენ.

სახელმწიფო ექსპერტიზამ კი დაადგინა, რომ მშობლებთან ცხოვრების პერიოდში არასრულწლოვანი პატარა ბიჭი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა. 5 წლის ბიჭზე ძალადობის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება სწორედ ექსპერტიზის დასკვნაა, რომელმაც ფიზიკური ზეწოლის ფაქტი დაადასტურა. თუმცა დაკავებული არკადი ძავაშვილის ახლობლები და ადვოკატი ირწმუნებიან, რომ მამინაცვალს გერზე არასოდეს უძალადია.

ახლა მთავარი იმის დადგენაა, რატომ ვერ შეძლო სახელმწიფომ პატარა ბავშვების დაცვა და ძალადობის პრევენცია, რასაც 4 წლის ბავშვის სიცოცხლე შეეწირა.

ჯერ უცნობია, რა ბედი ელით იმ საჯარო მოხელეებს, რომლებმაც რისკები სათანადოდ ვერ შეაფასეს და რომლებიც ტრაგედიის შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს.

დღის ამბები