22 იანვარი 2020,   20:44
ვრცლად
თაღლითობაში ბრალდებული ბიზნესმენი - ალექსი სიხუაშვილის საქმე, რომელიც "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებამდე მიდის 

ბიზნესმენი ალექსი სიხუაშვილი, რომელსაც რამდენიმე კვირის წინ 7 მილიონის ხელშეკრულება გაუფორმეს, დღეს თაღლითობაშია ბრალდებული. სიხუაშვილის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არა თაღლითი, არამედ მსხვერპლია.

შეეწირა თუ არა სიხუაშვილის თავისუფლება გავლენიანი მაღალჩინოსნების ინტერესების დაპირისპირებას, ამ კითხვას როსტომ ლაზარია უპასუხოდ ტოვებს.

შპს „ბილდინგ დეველოპერის“ მფლობელი „შაბათის კურიერის“ სიუჟეტის ანონსის გასვლის შემდეგ დააკავეს, რომელიც სიხუაშვილისთვის პირდაპირ ტენდერის გარეშე მიცემულ მილიონებსა და „ქართული ოცნების“ ლიდერების შესაძლო მფარველობას ეხებოდა. მას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საქმე, რაზეც სიხუაშვილს ედავებიან, 2017 წელს ბადიაურში წყალგაყვანილობის სისტემის მონტაჟს უკავშირდება, თუმცა „კურიერის“ ინფორმაციით, საქმე გაცილებით შორს მიდის, ვისთვისაც სიხუაშვილის ალაპარაკება უსაფრთხო არ არის. მაისის შუა რიცხვებში, მაშინ როდესაც სუს-ი სიხუაშვილის შესაძლო თაღლითობის საქმეს იძიებდა, სიხუაშვილს პრემიერ ბახტაძის განკარგულების შედეგად, გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ 7 მილიონი გადასცა და სამეგრელოს სოფლებში გაზის გაყვანა დაავალა. რატომ გააკეთა ეს ტრანსპორტირების კომპანიამ და მისმა დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ, მაშინ როდესაც „ბილდინგ დეველოპერის“ ანგარიშზე ბევრი არასათანადოდ შეუსრულებელი პროექტია და პარალელურად, ის პოტენციური ბრალდებული იყო, ეს არის მთავარი კითხვა, რაზეც გაზის კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში უპასუხოდ არის დატოვებული.

არასახარბიელო გამოცდილების მიუხედავად, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ფავორიტი ამჯერადაც „ბილდინგ დეველოპერია.“ ირკვევა, რომ ბახტაძის ნებართვის შემდეგ, მილიონების პირდაპირ ტენდერის გარეშე გაცემას ხელი თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის ძმამ, ჯაბა ხმალაძემ მოაწერა, რომელიც 2018 წლიდან გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორად მუშაობს.

თბილისის ვიცე-მერი ამტკიცებს, რომ 7 მილიონიანი კონტრაქტის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა.

ალექსი სიხუაშვილი ბრალი დღეს სხვისი ნივთის ანუ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის კუთვნილი საშენი მასალის თაღლითური გზით მითვისებისთვის წაუყენეს. სასამართლო სიხუაშვილის აღკვეთის ღონისძიებაზე ხვალ იმსჯელებს.

 

დღის ამბები