20 თებერვალი 2020,   08:16
ვრცლად
დარტყმა მსხვილ ბიზნესზე - ოქროს სია გაუქმებულია, ბიზნესმენებმა ბაჟის გადასახდელად მილიონობით ლარი 5 დღეში უნდა იშოვონ

ოქროს სია გაუქმებულია და გაუქმებულია ის შეღავათებიც, რითიც 300-მდე მსხვილი კომპანია განბაჟების ეტაპზე სარგებლობდა. ბუღალტრული წლის შუაში ხელისუფლების მიერ ერთი ხელის დასმით მიღებულმა გადაწყვეტილებამ კი ბიზნესს ახალი პრობლემები შეუქმნა. გაჩნდა ნაღდი ფულის ლიკვიდობის პრობლემა, ბიზნესმა 5 დღეში უნდა იშოვოს მილიონები, რაც იმპორტირებული საქონლის განბაჟებისთვის სჭირდება. გაჩნდა იმის განცდაც, რომ სახელმწიფო თამაშის წესებს ცვლის, როცა უნდა და როგორც უნდა და ისე ამოაყირავებს ბიზნეს გარემოს, რომ ამის შესახებ არვის არაფერს კითხავს. ამ წუთებში ბიზნესმენები ფინანსთა მინისტრს ხვდებიან და დათმობაზე წასვლას სთხოვენ.

„ეს მთლიანად, 180 გრადუსით ცვლის, თავდაყირა აყენებს ჩვენს ბიზნესს მოდელს. ამ მხრივ რა თქმა უნდა ხარჯების შემცირება მოგვიწევს, რაც რა თქმა უნდა ხარჯები როგორ შევამციროთ? უნდა შევამციროთ თანამშრომლების შემცირებით, პროდუქციის შემცირებით და ა.შ.,“-განაცხადა "ჯეითიაი ტობაკოს“ წარმომადგენელმა ივა ხასიამ.

ბიზნესმენებს აინტერესებთ რატომ მიიღო ხელისუფლებამ გადაწყვეტილება დაჩქარებულად ისე, რომ მათთან კომუნიკაცია არ შედგა. მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები ამ გადაწყვეტლების შეჩერებას ითხოვენ.

„ჩვენი ძირითადი მოთხოვნა არის, რომ ეს გადაწყვეტილება როგორც მინიმუმ უნდა შეჩერდეს, სანამ  ბიზნესთან კონსულტაციები არ გაიმართება და არ გვეცოდინება ის გარემოებები რატომ მოხდა ამ გადაწყვეტილების ესეთ ფორმატში და ესე დაჩქარებულად მიღება. უზარმაზარი თანხების აკუმულირებას მოითხოვს ძალიან მოკლე ვადებში რისთვისაც ბიზნესი მზად არ არის,“-განაცხადა „ბრითიშ ამერიკან ტობაკოს“ იურიდიულ და კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა, ზვიად სხვიტარიძემ.

ბიზნესმენები ფიქრობენ, რომ ხელისუფლება უნდა ცდილობდეს ოქროს სიის გაფართოებას და არა პრიქით, მის გაუქმებას. ამ შემთხვევაში ბიზნესი უფრო განვითარდება რაც მეტ დასაქმებულ ადამიანს ნიშნავს.

შეხვედრას ესწრება ბიზნესომბუდსმენიც. ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე საჭირო იყო მეტი კომუნიკაცია. ის იმედს გამოთქვამს, რომ შეხვედრა კონკრეტული შედეგით დასრულდება.

„საჭირო იყო მეტი კომუნიკაცია და მე ვფიქრობ რომ შეხვედრა იქნება ძალიან შედეგიანი,“-განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ავტორი: რუსუდან ჯაბანაშვილი.

დღის ამბები