16 დეკემბერი 2019,   08:29
ვრცლად
„ხო დავასაქმე ჩემი ცოლის ძმა, აბა შენსას ხო არ დავასაქმებდი?!" - ნეპოტიზმი ქობულეთის მერიაში და ფიქტიურად გაფორმებული ნათესავები

ნათესავების დასაქმების ბიუროდ ქცეული ქობულეთს მუნიციპალიტეტი. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მერიას დაქვემდებარებული დასუფთავების სამსახურის კადრები შეისწავლეს და თანამშრომელთა სიაში მაღალჩინოსნების გარემოცვისა და ოჯახის წევრები მრავლად აღმოაჩინეს, თუმცა მხოლოდ დოკუმენტებში. პირები, რომლებიც ბიუჯეტიდან ყოველთვიურ ანაზღაურებას იღებენ სამსახურში არავის უნახავს.

ქობულეთის მერიაში არსებული ნეპოტიზმის ფაქტები "ტვ 25"-მა გაასაჯაროვა. მასალის ტელევიზიით გადაცემის შემდეგ ქობულეთის სანდასუფთავების ეზოში დირექტორის ნათესავები გამოჩნდნენ, თუმცა თანამშრომლები გვეუბნებიან, რომ მანამდე ისინი იქ არავის უნახავს.

სანდასუფთავების სამსახურის უფროსმა კი მედიასთან აგრესიული ტონით განმარტა, რომ ნათესავების დასაქმებაში პრობლემას ვერ ხედავს.

„ხო დავასაქმე ჩემი ცოლის ძმა, აბა შენსას ხო არ დავასაქმებდი"- ასეთია სანდასუფთავების სამსახურის უფროსის პასუხი. 

ამ განცხადების შემდეგ სულიკო ბლადაძე თანამდებობას დაემშვიდობა, თუცა არა ნეპოტიზმის, არამედ თანამდებობის პირისთვის შეუფერებელი ტონისთვის.

ოპოზიცია კი უფრო მასშტაბურ ნეპოტიზმზე საუბრობს. "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ანალოგიური სიტუაციაა მერიის სხვა ყველა აიპპ-სა თუ სსიპ-ში და ქობულეთის მერიც ყველაფრის საქმის კურსშია.

იმალება თუ არა ფაქტები ამას პროკურატურა დაადგენს. საგამოძიებო უწყებამ საქმე აღძრა და უკვე დაიწყო ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურში არსებული ვითარების შესწავლა. პარალელურად მერიის სამსახურის შიდა აუდიტიც მუშაობს.

 

ავტორი: სოფო ჭულუხაძე

დღის ამბები