22 ნოემბერი 2019,   21:46
ვრცლად
ბახტაძემ მისია შეასრულა - პრემიერმა უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრა მოახერხა 

თავის მართლების რეჟიმში მყოფი „ქართული ოცნება“ - უკვე მეორე დღეა, ქართული მხარე ამტკიცებს, რომ საქართველოს პრემიერი ვაშინგტონში ვიზიტის წინ, ბელგიაში არა ზელენკისთან სალაპარაკოდ, არამედ მხოლოდ ამერიკის ელჩის მიერ გამართული მიღებისთვის ჩაფრინდა. თუმცა, ბრიუსელში საგანგებო დავალებით წარგზავნილი მამუკა ბახტაძე ვოლოდიმერ ზელენსკის შეხვდა და მასთან გადალაპარაკებაც მოასწრო.

გაცნობისა და ტელეფონის ნომრების გაცვლის გარდა, რისი თქმა მოასწრო მამუკა ბახტაძემ უკრაინის ახალარჩეულ პრეზიდენტთან გადალაპარაკებისას უცნობია. ვოლოდიმერ ზელენკის პრესსპიკერმა „კურიერს“ უთხრა, რომ ბახტაძესთან პირისპირ შეხვედრისთვის ზელენსკის არ ეცალა. „კურიერის“ ინფორმაციით, ევროკავშირში ქართულ დიპლომატიურ მისიას ამერიკის საელჩოს საპატიო სტუმრების სიაში პრემიერის ჩამატება ფორსმაჟორში მოუხდა.

რატომ აირჩია ოფიციალურმა თბილისმა სტრატეგიულ პარტნიორებთან კომუნიკაციისთვის ასეთი დამამცირებელი ფორმა, ოპოზიციისთვის გაურკვეველია. „ქართული ოცნების“ ოპონენტები ამბობენ, რომ ერთადერთი, რის გამოც ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მიმავალი პრემიერი გაცილებით დაბალი რანგის მიღებაში მონაწილეობას დათანხმდა, ბიძინა ივანიშვილის დავალება იყო, რომელსაც კიევში სააკაშვილის რეაბილიტაცია ადარდებს.

მმართველი გუნდი, თავდაპირველად, ვიზიტს მალავდა. „კურიერის“ ექსკლუზიური კადრების შემდეგ კი იძულებული გახდა, ბახტაძის ბრიუსელში ყოფნა დაედასტურებინა. შემდეგ, „ოცნება“ ამტკიცებდა, რომ პრემიერი ზელენსკის სანახავად არ ჩასულა, თუმცა საბოლოოდ ეს ვერსიაც გაქარწყლდა.

პრემიერის საგანგებო მისიას და ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას, მიხეილ სააკაშვილი კიევიდან გამოეხმაურა. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსი ოლიგარქი ივანიშვილი უკრაინის ახალ პრეზიდენტს აქამდე მოუწოდებდა, რომ ის უკრაინაში არ დაებრუნებინა, ახლა კი იმაში არწმუნებს, რომ რაიმე თანამდებობაზე არ დანიშნოს.

უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერი ამბობს, რომ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა ამ ეტაპზე არ განიხილება, თუმცა მის გუნდს სააკაშვილის რეფორმები აინტერესებს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები