09 დეკემბერი 2019,   03:58
ვრცლად
„ამ ყველაფრის ძირი არის სწორედ ოლიგარქიული მმართველობა," - ოპოზიცია Freedom house-ის მწვავე ანგარიშს ეხმაურება

კიდევ ერთი მწვავე ანგარიში და დაკარგული პოზიციები! - Freedom house-ის რეიტინგში, საქართველო უკან იხევს. საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს ორი უმთავრესი გამოწვევა აქვს. პირველი, ეს არის ოლიგარქების გავლენა და ფაქტი, რომ ამ არარჩეულ პირებს აქვთ კონტროლი პოლიტიკურ პროცესზე. მეორე კი, კანონის უზენაესობა და საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოს მხრიდან ბევრი ჩარევა სასამართლო სისტემაში, რაც მას არ აძლევს საშუალებას იფუნქციონიროს, როგორც დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა. Freedom house მიუთითებს, მედიის თავისუფლების და დამოუკიდებლობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე, რომლის მიხედვით 5 შესაძლო ქულიდან, საქართველომ მხოლოდ 2 დაიმსახურა. ამ მაჩვენებლით, საქართველოს პოზიცია ერთი ნიშნულით შემცირდა. უკუსვლის მიზეზად, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა და მისი გავლენები სახელდება.

Freedom house-ის მწვავე რეიტინგს უკვე მოჰყვა შეფასებები თბილისში. ოპოზიციაში ამბობენ, რომ იმ დრომდე, სანამ ქვეყანას ოლიგარქი მართავს, მდგომარეობა არ გამოსწორდება.

„იქ სადაც ოლიგარქიაა, არის მუდმივი სიღარიბე. ის სადაც ოლიგარქიაა უმუშევრობა იზრდება. იქ სადაც ოლიგარქიაა თეორიული შანსიც კი არ არსებობს მართლმსაჯულების სისტემა ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელი სისტემად. იქ სადაც ოლიგარქიაა ინვესტიციები სულ უფრო და უფრო მცირდება და ეს არის ჭირი, რომელიც უნდა მოვიშოროთ და უკრაინელებმა მოიშორეს,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა ნიკა მელიამ.

Freedom house-ის ანგარიშს ეხმაურება „ევროპული საქართველოც.“ ელენე ხოშტარიას თქმით სამწუხაროა, როდესაც ქვეყნის იმიჯი ასე ზარალდება საერთაშორისო არეალზე, თუმცა ის პრობლემები, რაზეც საერთაშორისო ორგანიზაცია მიუთითებს რეალობაა. ელენე ხოშტარიაც, სხვა ოპოზიციონერი კოლეგების მსგავსად,  შექმნილ მდგომარეობას ოლიგარქიულ მართვას უკავშირებს.

„ამ ყველაფრის ძირი არის სწორედ ოლიგარქიული მმართველობა.  ანუ ადამიანი რომელსაც აქვს ძალიან ბევრი ფული და მიაჩნია, რომ თავის ჭკუაზე მოიყვანს მთელს ქვეყანას და არ სცემს პატივს არც ერთ დემოკრატიულ ინსტიტუტს. არც ანაგარიშვალდებულებას, არც კანონის უზენაესობას და ა.შ. ჩვენი ქვეყანა, რომელიც უნდა იყოს სინათლე რეგიონში რეფორმების  და ცვლილებების ლოკომოტივი, სამწუხაროდ დღეს ხვდება ესეთი ტიპის ოლიგარქიული ქვეყნების სიაში,“-განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

დღის ამბები