07 დეკემბერი 2019,   08:11
ვრცლად
"შუამავალს მიგზავნიან, თუ არ წახვალ მაქედან ამას გავაკეთებთ და იმას გავაკეთებთო...“ - მალხაზ მაჩალიკაშვილი

შვილმოკლული მამა, რომელიც თემირლან მაჩალიკაშილის მკვლელების დასჯას ითხოვს, კითხვებზე პასუხის ნაცვლად, მუქარის გზავნილებს იღებს.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ბოლო ორ დღეში მის ტელეფონზე მუქარის შემცველი შეტყობინებები არ წყდება. პანკისში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშილის მამას უცნობი ნომრიდან ურეკავენ და ეუბნებიან, რომ მან პარლამენტის წინ პროტესტი უნდა შეწყვიტოს, უნდა გაემიჯნოს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს და დაიწყოს მოლაპარაკება ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

„მირეკავენ დაშიფრული ნომრიდან არის მუქარის ტონის ზარები, პირდაპირი ჩემთან შეხვედრები. მე ნებისმიერთან მივდივარ, ნებისმიერთან ვინც კი დამირეკავს, ვინც კი კაცს გამომიგზავნის, შემხვდიო. ვინც ჩემს მტერს წინააღმდეგობას გაუწევს, ის არის ჩემთვის ახლო ადამიანი. ამბობენ შენ „ნაციონალებთან“ ხარ, ამასთან ხარ იმასთან ხარ, ასეთი რაღაცეები არის, რასაც მე ყურადღებას არ ვაქცევ. შუამავალს მიგზავნიან, თუ არ წახვალ მაქედან ამას გავაკეთებთ და იმას გავაკეთებთო...“-ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მას აღარ აქვს იმედი, რომ საქართველოში მისი შვილის მკვლელობის საქმეს გამოიძიებენ. მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ერთადერთი იმედი დარჩა და ეს, საქმის სტრასბურგში განხილვაა.

დოკუმენტი სტრასბურგის სასამართლოში ხვალ გადაიგზავნება. მასში ხაზგასმულია, რომ სპეცოპერაცია პანკისში არასწორად იყო დაგეგმილი და მოხდა ძალის გადამეტება.   

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები