07 დეკემბერი 2019,   07:32
ვრცლად
ბახტაძემ ზელენსკისთან გასაუბრება მოახერხა - ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა

რამდენიმესაათიანი მცდელობის შემდეგ, საქართველოს პრემიერმა უკრაინის პრეზიდენტთან გასაუბრება მოახერხა. გუშინ ბრიუსელში საგანგებოდ გადალაპარაკებისთვის ჩასული პრემიერის ადმინისტრაცია და „ქართული ოცნება“ უარყოფდნენ, რომ მამუკა ბახტაძე ევროკავშირის დედაქალაქში ვოლოდიმირ ზელენსკის სანახავად იმყოფებოდა.

„კურიერმა“ უკრაინის პრეზიდენტთან კომენტარი ჩაწერა. ზელენსკიმ „რუსთავი 2"-თან დაადასტურა, რომ მამუკა ბახტაძესთან მეგობრული შეხვედრა ჰქონდა.

„ეს ყო მხოლოდ უბრალო, მეგობრული შეხვედრა. სულ ეს არის,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომუნიკაცია ბახტაძესა და ზელენსკის შორის ბელგიაში ამერიკის საელჩოს მიღებაზე შედგა. ეს ინფორმაცია „კურიერს“ უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დაუდასტურა.

„ვოლოდიმირ ზელენსკისთვის სიურპრიზი იყო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი აქ იმყოფებოდა. სამწუხაროდ, მჭიდრო გრაფიკის გამო ლიდერებს შორის შეხვედრა ვერ შედგა, თუმცა ეს იყო კარგი შესაძლებლობა, რომ უკრაინის ახალ პრეზიდენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეცნო. ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორები მიწვეულები იყვნენ ოფიციალურ სადილზე, სადაც მოკლე საუბარი ვოლოდიმირ ზელენსკისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის შედგა. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან საუბარი არაოფიციალურ გარემოში შედგა. ისინი ერთმანეთს მიესალმნენ და ამან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მათ სურთ, უკრაინასა და საქართველოს შორის მომავალში მეგობრული ურთიერთობები გაგრძელდეს,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, იულია მენდელიმ.

საქართველოს პრემიერი ბრიუსელში საიდუმლო ვიზიტით გუშინ ჩავიდა, მას შემდეგ კი, რაც „კურიერმა“ პრემიერის ესკორტის ექსკლუზიური კადრები გადაიღო, ბახტაძის ადმინისტრაცია იძულებული იყო, დაედასტურებინა, რომ მთავრობის მეთაური ბრიუსელში იმყოფებოდა და თან იმ სასტუმროში, სადაც უკრაინის პრეზიდენტი იყო დაბინავებული, თუმცა ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ბრუსელში ბახტაძე ზელენსკისთან შესახვედრად არ ჩასულა, თუმცა საბოლოდ ვიზიტის რეალური მიზეზი დადასტურდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები