20 თებერვალი 2020,   08:42
ვრცლად
არასწორად გამოძიებული საქმე - სააპელაციო სასამართლომ დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში დამნაშავედ, მხოლოდ ერთი პირი ცნო

სააპელაციო სასამართლოს ვერდიქტი, რომელიც ამბობს, რომ ბოლო დროის ერთ- ერთი ყველაზე რეზონანსული საქმე, სათანადოდ გამოძიებული არ არის. სამართლიანობის აღდგენის დასაწყისი ზაზა სარალიძისთვის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი განაჩენია. 16 წლის მოზარდის სასტიკი მკვლელობიდან თითქმის წელიწადნახევარში მოსამართლეებმა თქვეს, რომ დათუნა სარალიძე თანატოლებმა ჯგუფურად მოკლეს, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ ერთია დადგენილი. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის განაჩენი მხოლოდ მსჯავრდებულ გ.ჯ-ს ნაწილში შეცვალა და მას ახალი მსჯავრი სარალიძის მკვლელობისთვის დასდო. შვილმოკლული მამა ამბობს, რომ ბრძოლას იქამდე გააგრძელებს, ვიდრე ყველა დამნაშავე არ დაისჯება.

ვინ მონაწილეობდა მისი შვილის მკვლელობაში ზაზა სარალიძემ იცის, მათი ვინაობა შვილმოკლულმა მამამ საგამოძიებო ორგანოსაც არაერთხელ უთხრა, თუმცა დამნაშავე მოზარდების პასუხისგებაში მიცემა ამ დრომდე არ მომხდარა. დათუნა სარალიძის მკვლელობაში სხვა პირების მონაწილეობაზე მიუთითებს სააპელაციო სასამართლოც. დღეს გამოცხადებული განაჩენის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილში წერია რომ გ.ჯ-მ დათუნა სარალიძე სხვა დაუდგენელ პირთან ერთად მოკლა. ამ დასკვნამდე კი მოსამართლეები იმ მტკიცებულებების გაცნობის შემდეგ მივიდნენ, რომელიც მათ პროკურატურამ წარუდგინა.

სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, ადვოკატებისთვის საქმეში არსებული არაერთი ხარვეზი დადასტურდა. ასევე უკვე მეორე ინსტანციის მიერ ითქვა რომ პროკურატურის მთავარი მოწმე მიხეილ კალანდია არასანდოა. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სახელწიფო ბრალდების ერთ-ერთი მთავარი ინტერესი სწორედ კალანდიას რეაბილიტაცია იყო. პროკურატურა სწორედ მასზე დაყრდნობით ითხოვდა სარალიძის მკვლელობაში ორივე მსჯავრდებულის დადანაშაულებას, თუმცა მოსამართლეებმა კალანდიას ჩვენება არ გაიზიარეს. გ.ბ-ს სარალიძის ნაწილში ისევ გაამართლეს, თუმცა მას სასჯელი დაუმძიმეს.

დაიწყება თუ არა ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასანდო მოწმედ მიჩნეული მიხეილ კალანდიას მიმართ სამართლებრივი დევნა თუნდაც ცრუ ჩვენებისთვის, ჯერ უცნობია. 

დღის ამბები