21 აგვისტო 2019,   05:48
ვრცლად
რუსული წარწერები, აბრები, მუსიკა - რუს ტურისტებს საქართველოში განსაკუთრებული ხელგაშლილობით ხვდებიან

რუსული წარწერები, აბრები, მუსიკა - რუს ტურისტებს საქართველოში განსაკუთრებული ხელგაშლილობით ხვდებიან. სხვადასხვა რეგიონში ჩასულ რუს ტურისტებს საქართველოს მოქალაქეები იმდენად კარგად ხვდებიან, ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებს განცდაც კი არ უჩნდებათ, რას უშავებს რუსეთი საქართველოს გამუდმებით. 

გერგეთის სამების ხუროთმოძღვრულ კომპლექსთან ტურისტების ნაკადი მთელი დღის განმავლობაში არ წყდება. ამ უწყვეტობას, როგორც წესი, ადგილობრივი ტაქსის მძღოლები უზრუნველყოფენ. უკვე არაერთი წელია, მათი შემოსავლის ერთადერთ წყაროს, სწორედ სტეფანწმინდაში ჩასული სტუმრების ზღვის დონიდან 2200 მეტრზე აყვანა წარმოადგენს.

საქართველოს დამოუკიდებელ ქვეყნად და სრულუფლებიან პარტნიორად რუსეთი არასდროს განიხილავდა. რუსი ტურისტების ნაწილს დღემდე ჰგონია, რომ საქართველოში რუბლი ერთადერთი სავაჭრო ნიშანია, ამიტომ მის გადახურდავებაზე არც კი ზრუნავს, სამწუხაროდ არც ქართველები ზრუნავენ კანონმდებლობის დაცვაზე.

რეკლამის შესახებ კანონს დიდ ყურადღებას არც თბილისი-ლარსის გზაზე არსებული წვრილი თუ მსხვილი სავაჭრო ობიექტები აქცევენ.  

რუსულ მედიაში შუქდება ამბები, თითქოს ორ ქვეყანას შორის ყველაფერი წესრიგშია. ტელეკომპანია „რასია ერთის“ მიერ მომზადებულ 11-წუთიან სიუჟეტში რუსეთისა და საქართველოს აღდგენილ და მეგობრულ ურთიერთობაზეა საუბარი. ჟურნალისტი ამბობს, რომ აგვისტოს ომი საქართველოში უკვე დავიწყებას მიეცა და ახლა რუსული მივიწყებული ენა, დღეს თბილისის ქუჩებში ხმამაღლა და მკაფიოდ ისმის.

საქართველოს დედაქალაქში ქვეყნის ევროპული გეზი ნაკლებად იგრძნობა. გარემოვაჭრეების უმეტესობა ქვეყანაში არსებულ კანონს არც იცავს და არც იცნობს.

გიდების ნაწილი ინფორმაციას, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია ან მალავს, ან ისე უყვება, რომ აგრესორი ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმარს აგრესია არ გაუჩნდეს. საქართველოს უახლესი ისტორია ტურისტულ ზონებში მივიწყებულია.

ავტორი: რუსკა გიორგაძე. 

 

დღის ამბები